მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სპეცოპერაცია წერეთელზე - უახლესი ამბები

სპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე

🔴 წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

🔴 თავმდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. 

🔴 მან მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.

🔴 მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკეტა სავაჭრო მაღაზიები.

🔴 ახალი ამბების სააგენტო Pia.ge აღნიშნულ ფაქტთად დაკავშირებით უახლეს ინფორმაციებს გთავაზობთ.

Breaking News 👇

20.11.2020 - 20:52 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პოლიციამ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით მიმდინარეობს:

სსკ-ის 179-ე მუხლი, რაც გულისხმობს ყაჩაღობას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 9 წლამდე.

სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 7 წლამდე.

შესაბამისად, თავდამსხმელს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

20.11.2020 - 20:11 მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დააკავეს (ვიდეო)

პოლიციამ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დააკავა. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მძევლები გათავისუფლებულები არიან და თავს კარგად გრძნობენ. ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

20.11.2020 - 19:56 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა 6 მძევალი გაათავისუფლა

წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფი 9 მძევლიდან თავდამსხმელმა 6 გაათავისუფლა.

თავდამსხმელთან მოლაპარაკების შედეგად, მძევლების ნაწილი შენობას ეტაპობრივად ტოვებს. მძევლებს შორის იყო ორი ხანშიშესული მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა ქალი.

20.11.2020 - 19:22 ნათელაშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, მძარცველის მოთხოვნები დააკმაყოფილოს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე სავარაუდო თავდამსხმელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია: აზარტული თამაშების აკრძალვა, ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი, პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში.

ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

20.11.2020 - 18:52 ვინ არის მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი - ფოტო/ვიდეო

levan-zurabishvili_o_h.jpeg

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ ლევან ზურაბიშვილია.

მისი „ფეისბუქის“ მონაცემებით, ლევან ზურაბიშვილი 31 წლისაა.

თავდამსხმელმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის შემდეგ სოციალურ ქსელში „ლაივიც“ ჩართო. ის სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

20.11.2020 - 18:36 რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს? - (ვიდეო)

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი ლევან ზურაბიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თავის მოთხოვნებს აყენებს.

„სესხზე პროცენები 7-მდე დაიწიოს, შემცირდეს ფასები მედიკამენტებზე და გაუქმდეს აზარტული თამაშები“ - ეს არის ის მოთხოვნები, რომელსაც სავარაუდო თავდამსხმელი თავის ვიდეომიმართვაში აჟღერებს. ნახეთ ვიდეო 👇


20.11.2020 - 18:34 მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ ლევან ზურაბიშვილია და ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

მას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს:

🔵 სესხების 7%-მდე დაკლება

🔵 მედიკამენტებზე ფასების კლება

🔵 აზარტული თამაშების გაუქმება

20.11.2020 - 18:27 კორპუსში, სადაც მიკროსაფინანსოა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

წერეთლის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესებიგან გამომდინარე დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

20.11.2020 - 18:05 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე სავარაუდო თავდამსხმელის კადრები (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა კადრები, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი-ზე“ სავარაუდო თავდამსხმელი ჩანს.

როგორც კადრებშია აღბეჭდილი აღნიშნული პიროვნება მობილურზე საუბრობს და სავარაუდოდ ხელყუმბარა უჭირავს.

20.11.2020 - 17:52 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

„გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.
შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა!“, - არნიშნულია გავრცელ;ებულ განცხადებაში.

20.11.2020 - 17:51 თვითმხილველი: სავარაუდოდ ხელყუმბარით არის შეიარაღებული

თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ხელყუმბარა აქვს.

თვითმხილველს ზუსტად უჭირს საუბარი თუ რამდენი თავდამსხმელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.

„შიგნით არის ვიღაც, ტელეფონით საუბრობს, ძალიან გაბრაზებული იყო, ხელში რაღაც ეჭირა, გადიოდა და გამოდიოდა, ერთი მძევალი გამოუშვა. როგორც ითქვა ერთი მძევალი გამოუშვეს, ვერ გეტყვით ზუსტად რამდენი თავდამსხმელია. ამბობენ, რომ სავარაუდოდ ხელყუმბარა აქვს თან“, - ამბობს თვითმხილველი სატელევიზიო ეთერში.

20.11.2020 - 17:50 ვაჟა სირაძე: მიკროსაფინანსოში 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირია

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 1 თავდამსხმელია შეჭრილი, რომელსაც 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

„რაც შეეხება შეიარაღებას, დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ“, - აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე.

ვაჟა სირაძემ, მოუწოდა მედიას, გათიშონ პირდაპირი ჩართვები, რათა სამართალდამცველებს მუშაობაში ხელი არ შეეშალოთ.

20.11.2020 - 17:44 შსს წერეთლის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20.11.2020 - 17:33 გავრცელებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლად 10 ადამიანი ჰყავთ აყვანილი

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თავდამსხმელებს მძევლად 10 ადამიანი ჰყავთ აყვანილი, ერთი ადამიანი კი გაუშვეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კორპუსში, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მდებარეობს ხალხის ევაკუაციას გეგმავენ.

20.11.2020 - 17:08 წერეთლის მეტროსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

არსებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის” შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შემთხვევა 20 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებული პირია, სადაც თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.