მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი გალში მცხოვრები ნიკა ბებუას დაკავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

Search Results Web result with site links  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრებ ნიკა ბებუას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი (ნიკა) ბებუა. ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა. ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ნიკა ბებუა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო დააკავეს.