მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: შესაძლოა ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია

თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება. ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიებას არ ენდობა და პროცესის დასრულების შემდეგ, თუ სიმართლე ბოლომდე არ დადგინდება, ოჯახი გადაწყვეტილებას საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„როგორც ძებნა შეაფერხეს, გამოძიებაც ტაატით მიჰყავთ, არავინ მიკავშირდება, არავინ საქმის კურსში არ მაყენებს. რა ვერსიაზეა ლაპარაკი, რა ვერსიით მიჰყავთ. ვეჭვობ, რომ რაღაცების მიწებება და მიტყეპება უნდათ და ასე უბრალოდ დახურვა. მე ამ წუთას არ შემიძლია, მაგრამ არ დავისვენებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ, ჰააგაშიც და სადაც კი რამე მოიძიება“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილი.

გარდაცვლილის დედა ეჭვობს, რომ შვილის სიკვდილი მის სამსახურს უკავშირდება.

„თვითმკვლელობამდე მიყვანას ვაღიარებ მეც, იმიტომ რომ ისე იყო მოწყენილი, წამო, დედა გავისეირნოთ მეთქი ვეუბნებოდი ხოლმე და არა, რაღაც სამუშაო მაქვსო, მაგრამ უაზროდ თვითმკვლელობას არ ვეთანხმები. სულ კირკიტებდა რაღაცას, ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე. ფაქტია რომ რაღაც კომპიუტერულ რაღაცას უკავშირდება. სამსახურიდან იყო, თუ ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ, არ ვიცი“,- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.