მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ

პროგრამისტ თამუნა ბაჩალიაშვილის მამა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მის შვილთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენა არ მოხდება, ოჯახი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავს.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა აღნიშნა, ოჯახი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს მანან, სანამ სიმართლე არ დადგინდება.

გარდაცვლილი პროგრამისტის მამა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან მე-18 დღეს არცერთ კითხვაზე არ აქვთ პასუხი.

„დღეს ამერიკის საელჩოს მივმართეთ და მათ წარმომადგენელთან შეხვედრა შედგა. გულისტკივილი გავუზიარეთ, გულთან მიიტანეს და მოგვისმინეს. იმედი გვაქვს, რომ საქმე წინ წავა. 18 დღე გავიდა უკვე და ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ყველაფერს აბათილებენ და რისი იმედი უნდა გვქონდეს? მივდივართ და ზღაპრებს გვიყვებიან. მოწმეებს აშანტაჟებენ. გაასუფთავეს და ცარიელი კომპიუტერი დაგვხვდა. ლადო ბაჭულაშვილმა მითხრას, რა პრობლემის წინაშე იდგა ჩემი შვილი. წაშალეს ის, რისიც ეშინოდათ, იგივე იქნება ავტომობილის შემთხვევაშიც, აბსოლუტურად იგივე სურათი დაგვხვდება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქმეში ამერიკის საგამოძიებო ფედერალური ბიურო ჩაირთოს, მათ ვენდობით. ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, 23 წელიწადი გავზარდე და მომიკლეს. კიდევ გამოდიან და რაღაცებს უგონებენ ჩემს შვილს. ბრძოლას არ შევწყვეტთ, ყველა მშობლებს ვთხოვ, რომ ერთად ვიყოთ. ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას ვფიქრობთ“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.

დღეს, 4 აგვისტოს ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან საქმეში FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აქცია გამართა.