
"ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ როდესაც ტესტი შემოვა ქვეყანაში შეგვეძლება მარტივად მისვლა და გაკეთება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეს კორონავირუსზე სწრაფი ტექტის გაკეთების შესაძლებლობა მხოლოდ ეპიდემიოლოგის დასკვნის შემდეგ ექნება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ხვალ ჩინეთიდან 1 000 ტესტი ჩამოვა. დანარჩენი ტესტების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება. საბოლოო ჯამში, საქართველოს 200 000-ზე მეტი ტესტი ექნება.
"სამინისტროს მზად აქვს, ტესტირების ახალი ალგორითმი, რომელშიც შედის, როგორც პისიარ ტესტირება, ასევე სწრაფი ტესტები და ზუსტად არის განსაზღვრული ადგილი, რასაც სწრაფი ტესტი დიაგნოსტირების პროცესში დაიკავებს.
დღეს ჩინეთიდან უკვე წამოვა 1000 ტესტი, რომელიც ასევე პისიარ ტექნოლოგიებს ემყარება. ეს არის ნაჩუქარი. აპარატი ამისთვის უკვე ჩამოსულია. ხვალ ეს ტესტები უკვე ქვეყანაში იქნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სისტემით, რასაც აქამდე იყენებდა. რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩნეთიდან მოდის, მაგრამ ეს არის ის მოდელი, რაც სამხრეთ კორეაში იყო გამოყენებული, ვფიქრობთ, ეს ჩამოვა კვირის ბოლოს. ხვალ უკვე დაიწყება ტრანზიტი. შემდეგ ჩვენ ეტაპობრივად ველოდებით დამატებით რაოდენობით ტესტებს და 200 000-ზე მეტი ტესტი, რომელიც იყო დაანონსებული, ეს უკვე აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში. შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს. პრიორიტეტული ჯგუფები იქნება სამედიცინო პერსონალი, ასევე მაღალი რისკ ჯგუფის პაციენტები - კონტაქტი და სიმპტომური პაციენტი", - აღიშნა თამარ გაბუნიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 გამოჯანმრთელდა.