
"სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს შორის ქიმიით, როგორც მეცნიერების დარგით დაინტერესება არცთუ სახარბიელოა", - ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი როინ ბერულავა.
როინ ბერულავას განმარტებით, მან თბილისში საჯარო სკოლა ისე დაასრულა, რომ ქიმიური ცდებისთის განკუთვნილი აღჭურვილობა მხოლოდ სახელმძღვანელოს ფურცელზე ჰქონდა ნანახი.
სტუდენტი საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესს აკრიტიკებს და არასახარბიელო ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ საუბრობს. თუმცა მას ქიმიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ჩამოუყალიბდა და მომავალ პროფესიად სწორედ ქიმია აირჩია. ის ამჟამად, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია.
"სკოლა ისე დავასრულე, ქიმიური ჭურჭელი ფურცელზე მქონდა ნანახი, ცდებზე აღარაფერს ვამბობ და მით უფრო - ლაბორატორიაზე. პედაგოგზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, ის თუ თავის არჩევანზე შეყვარებულია, არ მოისვენებს, ყველას შეაწუხებს, შესაბამის ინვენტარს მოითხოვს და მოსწავლეებს საგანს შეაყვარებს, ცდების ჩასატარებლადაც კი, შესაბამის რესურსს გამონახავს და ლაბორატორიასაც სათანადოდ მოაწყობს. ყოველკვირა თუ არა, სწავლის პერიოდში 3-4-ჯერ მაინც შეეცდება ლაბორატორიაში პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატაროს. პედაგოგის ვალდებულება სხვა ხომ არაფერია?! ხობის რაიონის სოფელ ხეტადან ვარ, მაგრამ სკოლა თბილისში დავამთავრე. თბილისის სკოლაზე ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს ძნელი, რომ თბილისის რომელიმე სკოლიდან მოსწავლეები უნივერსიტეტში წაიყვანო და ქიმიის ლაბორატორია დაათვალიერებინო. არ უნდა იყოს ძნელი, მაგრამ... სხვათაშორის, ამ საკითხზე მასწავლებლებთან ყოველთვის ვკამათობდი. ყოველთვის მეკითხებიან, რატომ ავირჩიე ქიმია ჩემს სპეციალობად და ეს არც მიკვირს. საქმე იმაშია, რომ სკოლაში ქიმიის სრულყოფილად სწავლის შესაძლებლობა არ გვეძლევა. გამორიცხულია, სკოლის მოსწავლემ მიიღოს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც გაკვეთილის პერიოდში გაუჩნდება. ქიმია არის ცდები, სკოლაში კი ამის საშუალება არ გვაქვს. სკოლაში სწავლის სრული კურსის პერიოდში - ქიმია 4 წლის განმავლობაში ისწავლება - რამდენიმე და ისიც ძალიან მარტივი ცდა მახსენდება. ვიზუალური მხარე, რაც ქიმიისთვის აუცილებელია, სკოლაში ფაქტიურად არ არსებობს. ამიტომ, შეუძლებელია სკოლის მოსწავლე დააინტერესო საგნით. სწორედ ამიტომ არის, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ქიმიას, როგორც საგანს არ სწავლობს. კლასში, სადაც 30 მოსწავლეა, ერთმა მათგანმა თუ აითვისა საგანი, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ესეც დიდ მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ. სამწუხაროა ისიც, რომ სკოლაში პედაგოგები არ ცდილობენ მოსწავლეები დააინტერესონ და უნივერსიტეტებში არსებულ ლაბორატორიებში ექსკურსიაზე მაინც წაიყვანონ. უნივერსიტეტებს დიდი შესაძლებლობები აქვთ და სკოლაში თუ ვერ ახერხებ ქიმია ასწავლო მოსწავლეს ისე, რომ დაინტერესდეს, სხვაგან მაინც უნდა გაიყვანო, აჩვენო, დააინტერესო. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რეგიონებისთვის ეს რთული იქნება, მოსწავლეებს საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში ვერ წაიყვან. შეიძლება ეს რთულია, მაგრამ სამ-ოთხ თვეში სკოლის მოსწავლე უნივერსიტეტში წაიყვანო და ლაბორატორია აჩვენო, ეს რთული არ არის. თუ დაინტერესებული ხარ პედაგოგი, რომ მოსწავლეს საგანი შეაყვარო და დააინტრესო. ბოლოს და ბოლოს, სკოლამ ქიმიის ცდებისთვის რაღაც თანხა რომ გამოყოს და სკოლაში, ისევე როგორც ადრე, ჩვენი მშობლების პერიოდში, თვეში ერთხელ მაინც ჩაატარონ ცდები, ამით რა ფინანსური კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სისტემა?! არადა, ჩვენ ყოველდღე ვისმენთ განცხადებებს, რომ განათლება პრიორიტეტულია. როგორ შეიძლება სრულყოფილი განათლება ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის გარეშე?",- აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი.
სკოლაში ქიმიის შესახებ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე პასუხი როინ ბერულავამ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო. გარდა ამისა, წარმატებული სტუდენტი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ აქვთ აბიტურიენტებს ქიმიის, როგორც მეცნერებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება.
"ძალიან საინტერესო და წამახალისებელ აქტივობებს გვთავაზობს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2017-2018, 2018-2019 სასწავლო წლებში მონაწილეობა მივიღე მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე. ეს ძალიან საინტერესო ფესტივალი იყო. შესაძლებლობა მოგვეცა პოპულარიზაცია გაგვეწია ჩვენი ფაკულტეტისთვის. ჩვენ თანატოლებს, მომავალ სტუდენტებს - სკოლის მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს ვაცნობდით ქიმიას, ვატარებდით სახალისო ცდებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სკოლის მოსწავლეები ქიმიით დაინტერესდნენ, ისინი სხვადასხვა ცდების შესახებ სხვადასხვა კითხვით მოგვმართავდნენ. ვცდილობთ, მომავალი აბიტურიენტები ამ ძალიან საინტერესო და საჭირო საგნით დავაინტერესოთ. ვცდილობთ, ავუხსნათ მათ, რომ ქიმია გვჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველგან",- ამბობს როინ ბერულავა.
აღსანიშნავია, რომ როინ ბერულავას ქიმიისა და მეტალურგიის ფაკულტეტმა კათედრაზე მუშაობა შესთავაზა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ბერულავასგან განსხვავებით, ფაკულტეტის შეთავაზება მისსავე თანაკურსელმა ნუცა ბაქრაძემ წარმატებით გამოიყენა და დღეს ის ორგანული ქიმიის კათედრაზე ლაბორანტად მუშაობს.
ამჟამად, ორივე მათგანი სტიპენდიანტები არიან. ნუცა ბაქრაძე გამორჩეული სტუდენტია და სტიპენტიას პირველი კურსიდან იღებს. ის მიიჩნევს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, პროფესია და უნივერსიტეტი სწორად შეარჩია.
"რატომღაც მუსირებს მოსაზრება, რომ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო თუ ტექნიკურ საგნებს გოგონები იშვიათად სწავლობენ, ან ვერ ითვისებენ, ან არ მოსწონთ. სკოლაში, ისევე როგორც როინს, არც მე მქონდა ქიმიის სრულყოფილად შესწავლის საშუალება, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა სკოლაში, დაფაზე დაწერილი რეაქციის მიღმა რა რეალობა იყო. ვერ გეტყვით, რომ სკოლაში ქიმიამ, როგორც საგანმა, პირველივე დღიდან დამაინტერესა, ინტერესი დრომ მოიტანა და დღეს ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. რატომ ტექნიკური უნივერსიტეტი? იმიტომ, რომ დღეს, ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაზე დიდ შესაძლებლობას სტუ იძლევა. მართლაც დიდი შესაძლებლობებია აქ. როდესაც აქ ჩავაბარე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სტიპენდიანტი გავხდებოდი. ეს უკვე იყო სტიმული, რამაც ჩემი ინტერესი ქიმიისადმი კიდევ უფრო გააღრმავა და დღემდე ვცდილობ ყოველდღიურად უკეთესი გავხდე, უკეთესად ვისწავლო. ჩემთვის დიდი წარმატება და უდიდესი სტიმული იყო, როცა კათედრაზე შემომთავაზეს და ლაბორანტად ამიყვანეს", - ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნუცა ბაქრაძე.