მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თიბისის პარტნიორი ჯაფარიძისგან და ხაზარაძისგან მითვისებული თანხის დაბრუნებას მოითხოვს

თიბისი ბანკის პარტნიორები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე Pia.ge

თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერი იან მალქოლმ ჰოქი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს არნე სტენ ბერგრენს და თიბისი ბანკის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს საგანგებო განცხადებით მიმართავს.

როგორც თიბისი ბანკის ბრიტანელი პარტნიორი განცხადებაში აღნიშნავს, მან მედიის საშუალებით გაიგო იმ სამართლებრივი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სასამართლომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ მიიღო.

აგრეთვე, იან მალქოლმ ჰოქი აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით მიხვდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უკანონოდ მიითვისეს ბანკის კუთვნილი 16 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა და ბანკი 40 მილიონი აშშ დოლარამდე აზარალეს.

თიბისის ბრიტანელი აქციონერი იმედოვნებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული თანხა უკან დაბრუნდება და აქციონერებისთვის მიყენებული ზარალი მთლიანად ანაზღაურდება:

„მე გახლავართ იან მალქოლმ ჰოქი, თიბისი ბანკის ბრიტანელი აქციონერი. ჩემთვის მედიიდან გახდა ცნობილი იმ საგანგაშო სამართლებრივი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ თიბისი ბანკის აქციონერების, ბატონების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დასახელებულმა აქციონერებმა, ისარგებლეს რა ბანკის მენეჯმენტის მართვაზე წვდომით, არამართლზომიერად მიითვისეს ბანკის კუთვნილი 16 მილიონ  აშშ დოლარზე მეტი თანხა და, მიუღებელ შემოსავალსაც თუ გავითვალისწინებთ, ბანკი თითქმის 40  მილიონი აშშ დოლარით აზარალეს.

აქციების შეძენით მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენი დანაზოგი ვანდეთ თიბისი ბანკს და ვიმედოვნებთ, რომ არ შევმცდარვართ არჩევანში და ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს აქციონერ მამუკა ხაზარაძისა და  აქციონერ ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკიდან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება და მათი არალეგალური სქემებიდან ბანკისთვის და მისი აქციონერებისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება.

მინდა დავიჯერო, რომ ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა ოპერატიულად გამოეხმაურება ჩემს მიმართვას, დაიცავს ბანკისა და მისი აქციონერების შელახულ ინტერესებს და აანაზღაურებინებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თიბისი ბანკისთვის მიყენებულ 40 მილიონი დოლარის ზარალს, რაც საუკეთესო პირობა იქნება მომავალში ასეთი პრეცედენტების გამოსარიცხად.

დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩემს ამ მიმართვას სხვა აქციონერებიც შემოუერდთებიან, რათა თიბისი ბანკისადმი ნდობა კიდევ უფრო გამყარდეს.

ვინაიდან თიბისი ბანკის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, საქართველოში ჩემს ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი ტორაძე დაიცავს.

ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება ღია, გამჭვირვალე და დამოკიდებული ბანკის ხელმძღვანელობის ქმედებებზე, რომელთაც ჩემი წერილობითი მიმართვა ამ დღეებში ჩემივე ადვოკატის მეშვეობით გადაეცემათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის ივლისში წაუყენა ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

გამოძიების თანახმად, საქმე ეხებოდა 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის წაყენებული ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ითვალისწინებდა 9-დან 12 წლამდე პატიმრობას. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 3-წლიანი სასამართლო პროცესი 12 იანვარს დასრულდა განაჩენის გამოცხადებით. მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში და სასჯელად განუსაზღვრა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.

ამავე თემაზე:

ვინ არის იან მალკჰოლმ ჰოქსი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

⭕ რატომ ითხოვს ბრიტანელი აქციონერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ანაზღაურებას?

⭕ დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრიტანელი პარტნიორი