მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წინასაახალწლო სიურპრიზად” გავიგეთ, რომ კონსპირაციულად დაინიცირდა კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „გაუქმების” შესახებ - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მისთვის და უწყების თანამშრომლებისთვის სიურპრიზი იყო. 

მისი განმარტებით, დასვენების დღეებში, დაჩქარებული წესით აღნიშნული კანონპროექტის მომზადება კითხვებს ბადებს.

„დღეს, „წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, „ინტერპრესნიუსით“ გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ.

ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.

რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!

მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.

მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“, - წერს ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში. 

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა უქმდება, რის ნაცვლადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქნება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები უმრავლესობის დეპუტატები არიან.