საზოგადოება

„არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე

ქართული ოცნების ლიდერი
1614060691
დაკოპირებულია

„არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად, თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს კანონისა და სამართლის უზენაესობას.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა არის მტკივნეული.

თუმცა ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს:

ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პოლიტიკური მოტივით 2012 წელს ის აკოტრებდა კერძო ბანკს,

2019 წელს ის ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას,

2020 წელს ორგანიზებას უწევდა ცესკოს შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას,

იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი ინიციატორი,

სახელმწიფოს ემუქრებოდა ძალადობრივი რევოლუციით,

დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს,

არ გადაიხარა გირაო 2 თვის განმავლობაში,

მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა ეს ქმედება და დაინიშნა ენმ-ის ფორმალურ თავმჯდომარედ.

არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად, თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფო.

„სახელმწიფომ დღეს დაამტკიცა, რომ ეს არის სახელმწიფო.

მადლობას ვუხდი შსს-ს, ამ ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

მას საქმეზე სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ, სიტყვით გამოსვლისას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი საჯაროდ განაცხადა.

12 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობაზე თანხმობისთვის მიმართა.

16 თებერვალს პარლამენტი დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

გრეთვე იხილეთ:

ნიკა მელია დააკავეს! (ვიდეო)

სამართალდამცველებმა გიორგი ბოტკოველი დააკავეს