მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახალი კვარა? მიქაუტაძის გადაბირება „ჩელსის“, „არსენალს“ და სხვა ევროპულ კლუბებს სურთ“ - იტალიური მედია

გიორგი მიქაუტაძე
1686130707
სპორტი

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა gazzetta.it-მა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ ამომავალ ვარსკვლავს, გიორგი მიქაუტაძეს საინტერესო სტატია მიუძღვნა. 

იტალიური მედია წერს, რომ მიქაუტაძის მიმართ ინტერესს ისეთი ცნობილი კლუბები იჩენენ, როგორებიც ლონდონის „ჩელსი“ და „არსენალია“. 

„ხვიჩა კვარაცხელიას ბუმი იტალიის ჩემპიონატში მკაფიო და აშკარა რიტორიკას ეყრდნობა: ტალანტები არსებობენ თუნდაც ყველაზე ნაკლებად განსახილველ ქვეყნებშიც კი. ასეთია გიორგი მიქაუტაძე, რომელიც შეიძლება, რომ ახალი კვარაცხელია იყოს. იგი შესაძლოა, იტალიის ჩემპიონის გზას გაჰყვეს, მიზანი კი ორივესთვის ერთია - ისტორიის შექმნა.

კარიერის დასაწყისი

2000 წელს დაბადებული, წარმოშობით ქართველი, საფრანგეთში ოჯახთან ერთად რუსეთთან კონფლიქტის გამო წავიდა. მიქაუტაძე ოჯახთან ერთად ლიონში 1998 წელს ჩავიდა. 4 წლის ასაკიდან გიორგი ფეხბურთით ცხოვრობს. გიორგიმ პირველი ნაბიჯები „გერლანდში“ გადადგა, სადაც კარგი პლაცდარმი შეიქმნა და „ლიონის ოლიმპიკის“ აკადემიაში გადავიდა, თუმცა მწვრთნელმა იგი ფიზიკური მონაცემების გამო დაიწუნა, გიორგიმ კი კლუბი გულნატკენმა დატოვა.

„ტექნიკა მქონდა, კარის წინ დახელოვნებული ვიყავი, მაგრამ მხოლოდ 140 სანტიმეტრი ვიყავი, ძალიან პატარა“, - იხსენებს მიქაუტაძე. 

წარსულში „ლიონის“ მიერ დაწუნებულმა ქართველმა მიმდინარე სეზონში, 40 მატჩში თავი 24 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ეს კი ფეხბურთის კიდევ ერთ დაუწერელ კანონს ადასტურებს: ფიზიკის გარეშეც კი, ნიჭი ყოველთვის იმარჯვებს. 

„მეცის“ აღმოჩენა

„მეცი“ ყოფილი ლოთარინგიის რეგიონის მთავარი ურბანული ცენტრი. იქ ფეხბურთი და ისტორია აბსოლუტურად ერთიანია. რომ ჩამოვთვალოთ ადამიანები, რომლებიც „მეცის“ მაისურს ატარებდნენ, თუნდაც, კულიბალის, მანეს, ადებაიორის და პიანიჩის შემთხვევები, ქმნის საუკეთესო ნიჭის აღმომჩენი მქონე გუნდის სურათს, რომელიც მთელ საფრანგეთშია აღიარებული. მიქაუტაძე ამ გუნდის უახლესი აღმოჩენაა, რომელიც 2017 წლით თარიღდება, როდესაც „მეცმა“ იგი 16 წლის ასაკში „სენ-პრისტის“ ახალგაზრდული გუნდიდან დაიმატა. ბუნებით იგი ცენტრფორვარდია, მაისურზე მისი 9 ნომერიც ამაზე მიუთითებს, მას გოლის გატანის საოცარი, გამორჩეული ალღო აქვს. ეს ყველაფერი მან 2020-21 წლების სეზონში ბელგიურ კლუბ „სერენთან“ ერთად დახვეწა, რომელთანაც გიორგიმ პირველ 9 თამაშში 15 გოლი გაიტანა და წელიწადი 19 გოლითა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებით დაასრულა. გიორგის, როგორც კლუბის საუკეთესო მოთამაშეს ჯილდო, Metallo d'Or-ი გადაეცა და მაშინდელი სეზონის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.

„მეცმა“, რომელიც მაშინ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა, გადაწყვიტა, რომ გიორგი ბელგიურ კლუბში განათხოვრებული კიდევ ერთი წლით ყოფილიყო. ფრანგულ კლუბს ამ გადაწყვეტილებამ კონტრასტული შედეგი მოუტანა: ერთი მხრივ, მიქაუტაძემ ბელგიაში საოცარი ასპარეზობა გააგრძელა და უმაღლეს დივიზიონში 9 გოლი გაიტანა, მეორემ მხრივ კი „მეცი“ საფრანგეთის „ლიგა 2“-ში გავარდა.

ფრანგულმა კლუბმა წლევანდელ სეზონში მიზნად „ლიგა 1“-ში დაბრუნება დაისახა, მწვრთნელმა კი ნდობა სწორედ გიორგის გამოუცხადა. „მეცის“ „ლიგა 1“-ში დაწინაურება სეზონის ბოლო დღეს „ბასტიასთან“ საშინაო მატჩს უნდა გადაეწყვიტა, რომელშიც გიორგის გუნდმა ანგარიშით 3-2 იმარჯვა. დასამახსოვრებელი სეზონის შემდეგ მიქაუტაძე „ლიგა 2“-ის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა.  

მიქაუტაძე ევროპული კლუბების რადარებზე

დიდი ევროპული გუნდები მიქაუტაძის გადაბირებას უკვე ცდილობენ. საუბარია „ჩელსიზე“ რომელიც, რა თქმა უნდა, თავს არ იკავებს, როცა საქმე ფულის გადახდას ეხება. გიორგის დამატებაზე მეორე ლონდონური კლუბიც, „არსენალიც“, ფიქრობს. მეორე მხრივ, ქართველის დამატების მსურველები „იტალიაშიც“ არიან - „გენუა“ და „უდინეზე“, რომლებსაც ახალი ფორვარდი სურთ“, - აღნიშნულია იტალიური გამოცემის სტატიაში.