მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისტორია დაწერილია - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
1643221282
სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიის წერას აგრძელებს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, რითაც მეოთხედფინალის საგზურს ძალიან მიუახლოვდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანთან გამარჯვების შემდეგ ამჯერად ბოსნიის ნაკრები 2:1 დაამარცხა და D ჯგუფს 6 ქულით სათავეში უდგას!

თამაში ბოსნიის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და ანგარიშის გახსნაც მეტოქემ მოახერხა. მეშვიდე წუთზე კარგი კომბინაცია ახლო მანძილიდან ნერმინ კაჰვეჯიჩმა დააგვირგვინა - 1:0. ამის შემდეგ ისევ ბოსნიელები ფლობდნენ უპირატესობას და რომ არა ზვიად კუპატაძე, სხვაობა გაიზრდებოდა. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი შეუდარებელი იყო და პირველ ტაიმში ალბათ საუკეთესოც. თავის მხრივ, უშანსოდ არც ასათიანის გუნდი ყოფილა და რამდენჯერმე შექმნა მწვავე მომენტი, მაგრამ მთლიანობაში ბოსნია თავს ძალიან კარგად და ორგანიზებულად იცავდა. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა ელისანდრომ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა, რაც ცხადია დიდი დარტყმა იყო.

მეორე ტაიმში პირველი საგოლე მომენტი რონინიოს შეექმნა და მეკარემ აჯობა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოსნიელები ძალიან ხშირად იწყებდნენ შეტევას მეკარით და ასე ცდილობდნენ რიცხობრივი უპირატესობის შექმნას, რაც გამოსდიოდათ, მაგრამ 25-ე წუთზე სწორედ ამის გამო დაისაჯნენ! ბოსნიელთა მეკარე დარკო მილანოვიჩიც დაწყებული კომბინაციის შემდეგ მეტოქემ ბურთი დაკარგა და თალესმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან ერთი შეხებით ცარიელ კარში გაიტანა - 1:1.

გოლმა საქართველოს ნაკრებზე დადებითად იმოქმედა და 3 წუთში წინ გასვლაც შეძლო. ვილიანის პასის მერე ბრუნო პეტრი კარიდან ზურგით იდგა, მაგრამ სწრაფად შემოტრიალდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - შედეგად, ასათიანის გუნდი დაწინაურდა.

მატჩის დასრულებამდე 12 წუთი რჩებოდა, რაც ფუტსალში ძალიან დიდი დროა, მაგრამ საქართველომ დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს პრაქტიკულად რეალური საგოლე მომენტის შექმნის შანსიც კი არ მისცა და ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. თუმცა, ბოლო წამზე ზვიად კუპატაძემ რთული დარტყმა მოიგერია და მატჩიც იქვე დასრულდა!

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანთანაც და ამჯერადაც გამარჯვება წაგებიანი პოზიციიდან მოიპოვა (0:2-დან 3:2 და 0:1-დან 2:1), რაც უდავოდ გამოსარჩევია.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 6 ქულა აქვს და მეოთხედ ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ამისთვის უბრალოდ საჭიროა, რომ ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა აზერბაიჯანთან არ წააგოს და საქართველო მეოთხედფინალში გავა!

ესპანეთისა და აზერბაიჯანის დღევანდელი მატჩი 23:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 29 იანვარს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო ბოსნია პარალელურად აზერბაიჯანს შეხვდება.

ბოსნია - საქართველო 1:2 (1:0)

საქართველო: კუპატაძე, შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო - ბუკია, ღავთაძე, ვილიანი, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ბრუნო პეტრი

გოლი: 1:0 კაჰვეჯიჩი (7), 1:1 თალესი (25), 1:2 ბრუნო პეტრი.