სპორტი

რაფაელ ნადალი კარიერის დასრულებას გეგმავს

ჩოგბურთელი
1684441938
დაკოპირებულია

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი აცხადებს, რომ 2024 წლის სეზონის შემდეგ, კარიერის დასრულებას აპირებს.

„მომავალი წელი, ალბათ ჩემი ბოლო წელი იქნება. ასე ვფიქრობ“, - ამბობს ნადალი.

36 წლის სპორტსმენმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ წელს საფრანგეთის ღია პირველობას გამოტოვებს, რაც პირველი შემთხვევა იქნება 19 წლის განმავლობაში. ეს ბარძაყის ტრავმას უკავშირდება, რის გამოც, ნადალი ATP რეიტინგში ამ დროისთვის მე-14 პოზიციაზეა ჩამოქვეითებული. 

„მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ჩემმა სხეულმა გადაწყვიტა ასე. [ახლა], როლან გაროსზე თამაში შეუძლებელია“, - განაცხადა მან საფრანგეთის ღია პირველობაზე საუბრისას.

რაფაელ ნადალს დიდი სლემის 22 ტურნირი აქვს მოგებული. ამასთან, ის ATP კატეგორიის კიდევ 70 ტურნირის გამარჯვებულია და ჯამში 209 კვირა აქვს გატარებული მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის რანგში. მას ხშირად მოიხსენიებენ „თიხის მეფედ“, ამ ტიპის საფარზე განსაკუთრებით შედეგიანი თამაშის გამო - მას 115-დან 112 მატჩი აქვს მოგებული საფრანგეთის ღია პირველობაზე, იგივე როლან გაროსზე.