მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ნაკრების დრამატული მარცხი იტალიასთან

კალათბურთი
1668446513
სპორტი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

არადა, საქართველოს შეეძლო იტალიასთან ისტორიაში პირველად მოეგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ბოლო წუთებში იტალიის ნაკრებმა უფრო ზუსტად ითამაშა. ზოგადად, ჯანმარკო პოცეკოს გუნდი პირველ ტაიმში თითქმის ყოველთვის წინ იყო ანგარიშში და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მესამე პერიოდის შუაწელიდან საქართველომ ჩამორჩენის აღმოფხვრა დაიწყო და დაწინაურებაც მოახერხა. ილიას ზუროსის გუნდი იგებდა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრეც, თან 5 ქულით, მაგრამ იტალიელებმა ამის შემდეგ შეტევაშიც კარგად ითამაშეს და დაცვაშიც. გარდამტეხი კი საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე ჯამპაოლო რიჩის 3-ქულიანი იყო, რითაც იტალია 5 ქულით დაწინაურდა.

საქართველომ თამაშის დაძაბვა მაინც მოახერხა: იტალია 85:79-ს იგებდა, როდესაც თორნიკე შენგელიამ 2 ქულა მიითვალა, რასაც იტალიელების უმალ დაკარგული ბურთი მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე მიხეილ ბერიშვილმა 3-ქულიანი ჩააგდო, რითაც ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შემცირდა (84:85). შემდეგ საქართველომ ტაქტიკური ჯარიმა აიღო და ალესანდრო პაიოლამ ორივე საჯარიმო ააცილა. ზუროსის გუნდს შესატევად 6 წამი ჰქონდა, თუმცა თორნიკე შენგელია სროლა ვერ მოასწრო და თამაში დასრულდა. ამრიგად, საქართველომ ძალიან დრამატულ ბრძოლაში, 84:85 წააგო.

საქართველოს ნაკრებში 14 ქულით და 9 მოხსნით გიორგი შერმადინი გამოირჩა, 14 ქულა ჰქონდა დუდა სანაძეს, 13 თად მაკფადენს, 11 მიხეილ ბერიშვილსა და გიორგი ცინცაძეს, ხოლო თორნიკე შენგელიამ გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი შესძინა. იტალიის ნაკრებში 15-15 ქულით ამადეო ტესიტორი და მარკო სპისუ გამოირჩნენ.

საქართველოს ნაკრებს 4 მოგება და 4 წაგება აქვს, ჯგუფში მესამე ადგილზეა და თებერვალში დარჩენილ ორივე მატჩს თუ მოიგებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავა. ზუროსის გუნდი ჯერ ნიდერლანდებს ესტუმრება, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია და მერე კონკურენტ ისლანდიას უმასპინძლებს. თავის მხრივ, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს.

აქვე ვთქვათ, რომ დღეს ისლანდიის ნაკრები სტუმრად უკრაინასთან 72:79 წააგო. შედეგად, ისლანდიას 8 ტურის შემდეგ 4 მოგება და 4 წაგება აქვს, უკრაინას კი 3 მოგება და 5 წაგება.

საქართველო - იტალია 84:85 (19:24, 21:19, 18:17, 26:25).