მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასოცირებული ტრიოს პრემიერების შეხვედრა, ღორის ჭირი ცხინვალში, „რობოტაქსები“ ჩინეთში - 30 ნოემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 

დღის მთავარი ამბავი

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციას ავრცელებს. 

ამავე ცნობით, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა უკრაინელ და მოლდაველ კოლეგებთან გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე იმსჯელეს, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებით არსებობს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა - დაკავშირებადობა, ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მათი სურვილია წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ერთობლივი ვიზიტის როლს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, რასაც სამი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციას ანიჭებს.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში დღეს მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ. მოლაპარაკებები შედგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან.

დღის პერსონა 

„თუ ადრე მოსამართლეებზე ზეწოლა არ ყოფილა, რატომ ვაკრიტიკებთ სააკაშვილის დროინდელ სასამართლოს?“ - ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის საკითხს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, აღნიშნული მოსამართლეები არ აღიარებენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ზეწოლის ქვეშ იყვნენ, შესაბამისად უზენაეს სასამართლოში ადგილს არ იმსახურებენ.

„ვერცერთმა მოსამართლემ რომლებიც მუშაობდნენ წინა ხელისუფლების დროს, ვერ გასცა პასუხი იყო თუ არა მათზე ზეწოლა წინა ხელისუფლების დროს. ყველა მათგანმა თავი აარიდა პასუხს და თქვეს, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. თუ მაშინ ყველაფერი კარგად იყო, მაშინ რატომ ვაკრიტიკებთ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ სასამართლოს, მაშინ არ ყოფილა არანაირი პრობლემა, ამ ადამიანებს არ სცოდნიათ ზეწოლის შესახებ.

ყველაფერი იწყება აღიარებით და მე არ მომეწონა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ არ დაიწყო თავისი სიტყვა თავისი შეცდომების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. იგივე ხდება აქაც, უნდა ვაღიაროთ, რომ იმ დროს იმ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ისეთი გადაცდომები რომ არ იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში გამწესებას. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი და როდესაც კენჭისყრა დაიწყება, დავიწყოთ აღიარებით, რომ ეს ადამიანები არ იმსახურებენ, უვადოდ იყვნენ გამწესებული უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. კანდიდატების დამტკიცებას კენჭი პარლამენტის დეპუტატებმა უნდა უყარონ. 

დღის ფრაზები

შალვა ნათელაშვილი:

„სააკაშვილის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში“

თეონა აქუბარდია:

ხელისუფლება უპირისპირდება არა მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ უპირისპირდება კრიტიკულ მედიას

ნატალია გავრილიცა:

„ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა

კობა ნაყოფია:

„სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ სასამართლოზე და გამართონ აქცია“ 

ჯო ბაიდენი:

„ომიკრონის“ გამო აშშ ლოკდაუნს არ დაუბრუნდება 

ნინო ლომჯარია:

„ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუება იგრძნობა“ 

დღის ცუდი ამბავი 

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ღორის აფრიკული ჭირის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა


 
ბოლო რამდენიმე დღეში აფრიკული ჭირისგან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 30 ღორი დაიღუპა. ამის  შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

როგორც ოკუპირებული რეგიონის მთავარმა ვეტერინარმა ატამაზ თედეევმა განაცხადა, ინფიცირების შემთხვევები ჯავის, ცხინვალის და ზნაურის რაიონებში დაფიქსირდა.

„ყველა სოფელში, სადაც საშიში ვირუსი დაფიქსირდა, კარანტინია გამოცხადებული. აიკრძალა ამ რაიონებიდან ცოცხალი ღორების და ღორის ხორცის, ასევე სხვა ხორცის და რძის ნაწარმის გატანა სხვა რაიონებში“ - განაცხადა თედეევმა.

როგორც თედეევმა განაცხადა, ინფექციის გავრცელების ძირითადი წყარო გარეული ტახია და პრობლემის მოსაგვარებლად „აუცილებელია მათი პოპულაციის შემცირდება“. მისი თქმით, ბევრი ფერმერი უპასუხისმგებლოდ იქცევა და წესებს არ იცავს, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს.

დღის უცხოური ამბავი 

საბერძნეთში 60 წელზე უფროს პირებს აუცრელობის შემთხვევაში ყოველთვე 100 ევროთი დააჯარიმებენ

საბერძნეთში 60 წელზე უფროს ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის შემთხვევაში ყოველთვიურად 100 ევროთი დააჯარიმებენ. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, ქვეყანაში ამ ასაკის ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. პრემიერის თქმით, ეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაში „გადამჭრელი ნაბიჯია“

„ეს ის ფასია, რისი გადახდაც ჯანმრთელობისთვის მოუწევთ“ - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. ეს რეგულაცია 16 იანვრიდან ამოქმედდება.

11-მილიონიანი საბერძნეთიდან სრულად ვაქცინირებულია დაახლოებით 63%. 520 ათასი ადამიანი, რომელთა ასაკი 60 წელზე მეტია, ვაქცინა არ გაუკეთებია.

საბერძნეთში საშუალო პენსია 730 ევროა. აუცრელებს ჯარიმა იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მაინც არ ექნებათ გაკეთებული.

ნოემბერში საბერძნეთი არავაქცინირებული ადამიანებს დახურულ სივრცეში, რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სავარჯიშო დარბაზებში შესვლა აეკრძალათ.  

დღის ფოტო

ნისლშემოფარებული კვრის მონასტერი 📸 Shermazana

დღის ვიდეო

 ჩინეთში მოსახლეობის მომსახურება უპილოტო, ე.წ. „რობოტაქსებმა“ დაიწყეს