მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გალერეა „ვერე“ 20 წლის იუბილეს სერგო ქობულაძის ნამუშევრების საჯარო ჩვენებით აღნიშნავს

სერგო ქობულაძის გამოფენა

გალერეა „ვერე“ 20 წლის იუბილეს ორიგინალურად ხვდება და ამ თარიღის აღსანიშნავად, დამთვალიერებლებს აღიარებული ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის ნამუშევრების საჯარო ჩვენებაზე იწვევს.

სერგო ქობულაძე ქართული ხელოვნების ისტორიაში გენიალური ფიგურაა. მისი ნამუშევრების საჯარო ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება ესკიზები, ჩანახატები, ეტიუდები, დასრულებული გრაფიკები, რაც სრულყოფილად წარმოაჩენს უნივერსალური ოსტატის ბიოგრაფიასა და მისი შემოქმედების ეტაპებს: „გზას იდეიდან განხორციებამდე“.

ქობულაძის ტექნიკა, სახვითი სამყარო, გადაწყვეტა, ნიუანსირება იწვევს გაკვირვებას და ესთეტიკურ თანაგრძნობას, ბუნებრივი სილამაზის შეულამაზებელი გადაღვრა ხელოვნებაში მხოლოდ მას ძალუძს.

რაციო და სილამაზე, ვნება და ზომიერება, კლასიკა და ავანგარდი ერთიან თანავარსკვლავედს ქმნის. ნივთები, სულიერი-უსულო საგნები, მატერიალური ერთეულები ცალსახად ჰუმანისტურ იდეათა სამყაროს ასახავს.

სერგო ქობულაძემ საბჭოთა ხელოვნებას და მის შეზღუდულ იდეოლოგიას ამ გზით აარიდა თავი, მოგზაურობდა აღორძინების ეპოქაში, სადაც ადამიანისა და ინდივიდის ცნებები გაიგივებული იყო ერთმანეთთან. ეს გრაფიკული ნამუშევრების სერია ხელოვანის ერთგვარი დღიურია და კალენდარიც, მისი ყოველდღიურობა რაღაც ამოუხსნელი მარადიულობითაა დამარცხებული.

საჯარო ჩვენება შედგება 24 თებერვალს, 17:00-იდან 21:00 საათამდე, თბილისში, ვერაზე, გალერეაში „ვერე“ (სიმონ ჯანაშიას #9).