მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა, ხმაური ბათუმის საკრებულოში და უცნაური შავი პარასკევი საქართველოში - 26 ნოემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
ბათუმის საკრებულოში ხმაურია - ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ

ბათუმის  უმაღლესი საბჭოს შენობაში ხმაურია. მმართველი პარტია 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს.

შენობასთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ, დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები „ქართული ოცნების“ წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რის გამოც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, დღეს ქართული ოცნება ვადაგასულ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებინებს, რაც არალეგიტიმურია. პროტესტის ამ ფორმით არ მისცემენ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს უფლებას შევიდნენ სხდომათა დარბაზში და კანონპროექტს ხმა მისცენ.

დღეს უმაღლესი საბჭოს შენობაში დაპირისპირება მოხდა არჩეულ მერ არჩილ ჩიქოვანსა და უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის.

ოპოზიცია მოითხოვს გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

ბიუჯეტის დამტკიცებას ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინაც აპროტესტებდნენ.

დღის პერსონა
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე ექსპრეზიდენტის მორიგი განცხადება ვრცელდება. 

სააკაშვილი ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია.

ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ!თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენეთ, რომ ბათუმის უმაღლესი საბჭოს შენობასა და ზუგდიდის საკრებულოში ხმაური იყო. მმართველი პარტია 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობდა, ოპოზიციონერი დეპუტატები კი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს აპროტესტებდნენ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

დღის ფრაზები

გიორგი ფხაკაძე:

„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“

ბექა ბასილაია:

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ იზოლაციას უწყობენ“

ნიკა მელია:

 „არ იქნება არცერთი დღე მოსვენება, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“ 

გიორგი გრიგორია: 

„თუ სააკაშვილი მედიკამენტებს მიღებას შეწყვეტს, რეაბილიტაციის პროცესი გაუარესდება“

ელენე გიორგაძე:

„თუ სააკაშვილზე მართლა ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ორი კვირა მოგვეცით ექიმებს“

გიული ალასანია: 

„სააკაშვილს ხალხის დაცვა სჭირდება“

დღის კარგი ამბავი
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0967 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.62 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4931 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4927 ლარს
შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2555 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1233 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 ნოემბრიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 74 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4534 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი, ხოლო 3742 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 831 248-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 772 301 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 810 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% , ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⚫ „ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

⚫ „ვაქცინის მესამე დოზა ხანგრძლივად მუშაობს“ - ამირან გამყრელიძე

⚫ „ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე

დღის უცხოური ამბავი
თეირანში ორ ქუჩას თბილისის და აფხაზეთის სახელები დაარქვეს

ირანის დედაქალაქ თეირანის ერთ-ერთ ქუჩას თბილისის, ხოლო ხეივანს აფხაზეთის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“  გამოცემა Intellinews-ზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ თბილისის სახელი დუსტანის ქუჩას მიენიჭა, ხოლო გოლესტანის ხეივანს აფხაზეთის ხეივანი დაარქვეს. რამდენიმე ადგილს აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების სახელები მიენიჭა, კერძოდ, ფაივანდის ხეივანს განჯას სახელი მიენიჭა, ხოლო ბარადარანის ქუჩას ბაკუბეს სახელი დაარქვეს, რაც ბაქოს შუა საუკუნეების სპარსული სახელწოდებაა.

ასევე, მარიამის ხეივანს დაარქვეს შუში, რამაც, შესაძლოა, ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის ამ ქალაქს ამჟამად აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს და აზერბაიჯანულად მისი სახელი იწერება როგორც „შუშა“, ხოლო ასო „ი“ ბოლოში ქალაქის სახელწოდების სომხური ვარიანტია.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ბაქოს და თეირანს შორის ურთიერთობები გამწვავდა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ საწვავით სავსე მანქანები მთიან ყარაბაღში არ შეუშვა, ირანმა აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო, ხოლო ირანის ოფიციალურმა წრეებმა აზერბაიჯანთან დაკავშირებით რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთეს. 

დღის ფოტო
უცნაური შავი პარასკევი საქართველოში

საქართველო 📸 ფოტო სოციალური ქსელიდან

დღის ვიდეო
ოპოზიციონერმა მირდატ ქამადაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უსიამოვნო სუნის მქონე მქონე ხსნარი დაღვარა შპრიცით