მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტის უარი ვეტოზე, სააკაშვილის განცხადება სასამართლოში, ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალება - 13 იანვრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 

დღის მთავარი ამბავი

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა. 

როგორც პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

„დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული.

მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს.

რაც შეეხება მეორე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც.

თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“, - აცხადებს პრეზიდენტი. 

👉 „პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს, რადგან არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო“ - ელისაშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

დღის პერსონა

„მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. 

პროცესის მიმდინარეობას მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა:

„თქვენ იცით, რომ გუშინ და გუშინწინ ბრიუსელში და ჟენევაში იმართებოდა ნატოსა და რუსეთის შეხვედრა, სადაც რუსეთი მოითხოვდა ამოეღოთ ის ფორმულირება, რომელიც მე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ, ამერიკელების დახმარებით, 2008 წელს გავიტანეთ ნატოს სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

მე მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები მე სასამართლო დარბაზში? - 1) 4 პიჯაკის ყიდვის გამო; 2) ამნისტიის გამო; 3) „ვენოკების“ და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო და 4) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს. აბა, ოთხიდან ერთი გამოიცანით.

რის გამო იმყოფება სააკაშვილი პატიმრობის ქვეშ? - რის გამოც ყველაფერს იგლეჯს პუტინი, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, ეტყობა, რაღაცას მიმიღწევია ცხოვრებაში. აქ არ ვარ მე იმისთვის, რომ ვითომ ჩადენილი დანაშაულების დეტალებში შევიდე. მე მინდა, ჩემს გამო დაკავებულ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, რეალურად, მე არც ვიცნობ ჩემს „თანამზრახველებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ფრაზები

თაკო ჩარკვიანი:

„ამ მასშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა არის დიდი შეცდომა და ჩვენი გამოთაყვანება“  

მიხეილ სააკაშვილი:

„თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“

მიხეილ სააკაშვილი:

„თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“

მიხეილ სააკაშვილი:

„დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“

მიხეილ სააკაშვილი:

„გიორგი ანწუხელიძემ, ჩემთვის დედა რომ არ შეეგინებინა, სიცოცხლე გაწირა, ამათ კი მიწაზე მათრიეს“ 

მიხეილ სააკაშვილი:

 „სირცხვილი არ არის, რომ სააკაშვილი, რომელმაც აგიშენათ ბათუმი, მალულად უნდა დადიოდეს ამ ბათუმში?“ 

აკაკი მინაშვილი:

„უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილი თავისუფლებაზე ძალიან ბევრს გააკეთებდა ქვეყნისთვის“ 

ნიკა მელია:

„ისტორიული უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის ტყვეობას გულისხმობს, დასასრულებელია“

 ბექა ბასილაია:

„მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“ 

რამაზ საყვარელიძე:

„ნაციონალური მოძრაობის“ სტილი კვლავ აგრესიულია, რადგან „შავი სიების“ შედგენაზეა საუბარი და ფიგურაც კვლავ აგრესიულია - სააკაშვილი“ 

დღის კარგი ამბავი

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0866 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0875 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.09 თეთრი შეადგინა. 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5376 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5065 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.11 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2269 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2410 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 იანვრიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

ქართველი სპორტსმენი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ხელბურთელი ჯანო (ჯანსუღ) ბაგრატიონი თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“. იყო სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1973–1984), თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984–1986),  საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1986–1996) და პირველი მოადგილე (1996–2000), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996–2004) და საპატიო პრეზიდენტი (2004 წლიდან), სპორტის საპატიო ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1998),ღირსების ორდენის და სოკ-ის ორდენის კავალერი.

მან 1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.

დღის უცხოეთის ამბავი

საქართველოში დაბადებული პირი საბერძნეთში კილერის მკვლელობისთვის დააკავეს

საბერძნეთში დააკავეს საქართველოში დაბადებული იოაკიმ ქარსლიადისი, რომელიც 25 წლის წინ რუსი კილერის ალექსანდრე სოლონიკის მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„ქარსლიადისს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს. წარმოშობით ის საქართველოდანაა“, - განუცხადეს ჟურნალისტებს საბერძნეთის პოლიციაში.

ქარსლიადისი ქალაქ სალონიკის აეროპორტში დააკავეს.  ის ორი მკვლელობის ორგანიზებასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

ცნობისთვის, რუსი კილერი სოლონიკი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მეტსახელით იყო ცნობილი, 1990-იან წლებში საბერძნეთში იმალებოდა. მის ანგარიშზე ათობით მკვლელობა იყო.

1997 წელს ის ორეხოვოს დაჯგუფების წევრებმა გაგუდეს. სოლონიკის და ფოტომოდელის სვეტლანა კოტოვას მკვლელობისთვის ორეხოვოს დაჯგუფების ლიდერს,  სერგეი ბუტორინს 2012 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო სოლონიკის უშუალო მკვლელს ალექსანდრე პუსტოვალოვს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დღის ფოტო

ფარავნის გაყინული ტბა 📷 shermazana

დღის ვიდეო

ბულგარეთში კოვიდვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს