მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა სირთულეები ხვდებათ ქართველ სტუდენტებს უცხოეთში სწავლისას? - სტუდენტების გამოცდილება

სტუდენტები

პიროვნული ზრდა, განათლების დონის გაუმჯობესება, კარიერული განვითარება, გამოცდილების დაგროვება და დამოუკიდებლობა. ეს საზღვარგარეთ სწავლის დადებითი მხარეებია.

სირთულეების გარეშე მწვერვალების დაპყრობა შეუძლებელია. შესაბამისად, ქვეყნის გარეთ, ცოდნის დასაგროვებლად წასვლას სირთულეებიც თან ახლავს.

იმის გასაგებად, თუ რა დაბრკოლებებს ხვდებიან ქართველი სტუდენტები, სამშობლოდან მრავალი კილომეტრის მოშორებით და რას ურჩევენ იმ ახალგაზრდებს ვინც საზღვარგარეთ განათლების მიღებას სამომავლოდ გეგმავს PIA.GE უცხოური გამოცდილების, ქართველ სტუდენტებს დაუკავშირდა.

ოჯახისგან შორს ყოფნა და ფინანსური პრობლემები, ენობრივი და კულტურული ბარიერი არის სწორედ ის, რაზეც ქართველი სტუდენტები ჩვენთან ინტერვიუში საუბრობენ.

განათლების განსხვავებული, უფრო რთული სისტემა, კულტურული თავისებურებები და ენის ბარიერი. ეს ის სირთულეებია, რომელსაც ქართველი სტუდენტი, სალომე გოგიაშვილი ჩინეთში სწავლის პერიოდიდან იხსენებს.

სალომე გოგიაშვილი, ლანჭოუს უნივერსიტეტში ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჩინეთი კორონავირუსის ეპიცენტრი იყო, ამას სალომესთვის ხელი არ შეუშლია, რომ ესწავლა ჩინური კულტურა და მიეღწია მიზნისთვის, რომლისთვისაც ბევრი იშრომა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პანდემიას მასზე ზეგავლენა არ მოუხდენია, რადგან მასწავლებლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას და ზრუნვას გრძნობდა. 

კითხვაზე თუ რა სირთულეები შეიძლება შეხვდეთ ქართველ სტუდენტს ჩინეთში სწავლისას გვიპასუხა, რომ სირთულედ შესაძლოა, განსხვავებული სწავლების მეთოდები და კულტურული სხვაობა ჩაითვალოს.

„ჩინეთში, განსუს პროვინციაში, ქალაქ ლანჭოუში ვსწავლობდი ეს ჩინეთის ყველაზე მარტივად მისაღები ქალაქია. რაც შეეხება სირთულეებს.  სირთულე არის ის, რომ ქართული სასწავლო სტანდარტები ხშირად აცდენილია უცხოურს. ზოგი აზიისკენ მიდის, ეს განხრა მოსწონს, იქ სხვა სასწავლო სტანდარტებია. მაშინ, როცა საქართველოში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51 ქულაა, ჩინეთში ზღვარი 60-ია. რაც დიდი სხვაობაა. გარდა ამისა, 100-დან 60 ძალიან დაბალ ქულად ითვლება,“ - ამბობს სალომე გოგიაშვილი.

სალომეს თქმით, ლანჭოუში კიდევ ერთი დაბრკოლება ენის ბარიერია. იქ ინგლისური ადგილობრივებმა თითქმის არ იციან. სტუდენტები კი ძალიან დაბალ დონეზე ფლობენ. მიუხედავად ამისა, სალომე ამბობს, რომ ამას დადებითი გავლენაც აქვს. გარემოებებიდან გამომდინარე ენის ათვისება უფრო მარტივია.

სალომე გოგიაშვილი იმ სტუდენტებს, რომლებიც სამომავლოდ ჩინეთში სწავლას გადაწყვეტენ, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას აძლევს.

„კარგად უნდა გაეცნონ ჩინური სწავლის სტილს, რადგან სწავლა განსხვავდება ქართული მეთოდებისგან, არ აჩქარდნენ გადაწყვეტილების მიღებისას, სჯობს თავიდან ნაკლებად ცნობილ და ნაკლებად პოპულარულ უნივერსიტეტში ჩააბარონ, რომ ნელ-ნელა შეეჩვიონ იქაურ სტილს“, - ამბობს სალომე.

საბოლოოდ კი გვეუბნება, რომ თუ ახალგაზრდები პრესტიჟულ ქალაქებში სწავლას გადაწყვეტენ, მზად უნდა იყვნენ სიმკაცრისთვის.

„პეკინში და შანხაიში არაა სწავლის ისეთი  მეთოდები, როგორიც ლანჭოუსნაირ ქალაქებში. დიდ ქალაქებში მეტი სიმკაცრე და დისციპლინაა“, - ამბობს სალომე გოგიაშვილი

შემდეგი რესპონდენტი სალომე ქიტესაშვილია. ის Erasmus+ პროგრამის ხელშეწყობით გერმანიაში, კობლენცის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, უკვე ორი სემესტრია სწავლობს. ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის პირველი სირთულე, იმის გაცნობიერება იყო, რომ ოჯახისგან შორს მოუწევდა ყოფნა.

„პირველად, რომ გადადიხარ საზღვარგარეთ, თავს მარტო ყოფნის სირთულე იჩენს. როცა მიჩვეული ხარ დიდ ოჯახში ცხოვრებას, და  უცბად გადადიხარ,  მარტო გიწევს ყველაფერთან გამკლავება. ალბათ ამ ყველაფრის დაძლევა, პირველი ნაბიჯია, რომ უკვე გაიზარდე და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყე“, - ამბობს სალომე ქიტესაშვილი.

სალომეს თქმით, კიდევ ერთი სირთულე საერთაშორისო სტუდენტებთან კომუნიკაციაა.

„ძირითადად ინტერაქცია გიწევს ადამიანებთან, რომლებიც არიან სხვა და სხვა ქვეყნებიდან, სხვა და სხვა ბექგრაუნდით და ის საკომუნიკაციო მეთოდები, რასაც საქართველოში შენს მეგობრებთან იყენებდი და მიჩვეული იყავი, ყველასთან არ ჭრის“, - ჰყვება სალომე ქიტესაშვილი. 

კითხვაზე, თუ რა შეცვალა საზღვარგარეთ სწავლამ მის ცხოვრებაში, გვპასუხობს, რომ მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გახდა.

რჩევა, რომელსაც სტუდენტებს მისცემდა არის, ის რომ „უნდა იფიქრო მიზანზე, დრო არ უნდა დაკარგო იმაზე ფიქრში, რომ ვიღაც გენატრება. მაქსიმალურად, პროდუქტიულად უნდა გამოიყენო ის დრო, რაც  გაქვს იმიტომ, რომ მალე გადის და უსარგებლოდ არ უნდა გამოიყენო.

მან, ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტაქტების მოგროვება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ დგებიან, არასაკმარისი ფინანსებია, თუმცა ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ შრომით და საკუთარ თავზე მუშაობით მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 289 სტუდენტი, რაც 367 სტუდენტით ნაკლებია წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას.