მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი მკურნალობას წყვეტს, ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ და ბაიდენი-პუტინის ონლაინშეხვედრა - 7 დეკემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 

დღის მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამოართვეს, რის გამოც მკურნალობას წყვეტს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში გადაყვანისას მომხდარი ინციდენტის გამო პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გაატარა, რაც შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. 

იგი წყვეტს სამედიცინო დახმარების მიღებას, იქამდე, ვიდრე იუსტიციის სამინისტრო მისი ღირსების შემლახველ კადრებს არ აიღებს ინტერნეტიდან, არ გააუქმებენ დისციპლინარულ ზომებს და არ დაუშვებენ მასთან მნახველებს.

მისი წერილი პატიმრის პირადმა ექიმმა პაციენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან წაიკითხა.

„დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევისთვის. ამ განცხადებიდან დაახლოებით 6 საათში, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები.

მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას. დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ასევე ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ დედაჩემს, რომელსაც შემოსვლისა და ჩემი ნახვის ყველანაირი ნებართვა ჰქონდა, 4 საათი ალოდინეს ქუჩაში და დააბრუნეს უკან, თბილისში. ასევე, ერთი საათის განმავლობაში, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს, სანამ ჰოსპიტლის ადმინისტრაცია არ ჩაერია.

ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე და მათ არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ. ამიტომ ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და პროტესტს არ შევწყვეტ მანამდე, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ჩემ წინააღმდეგ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში. 

დღის პერსონა 

ნონა გაფრინდაშვილი

კალიფორნიის სასამართლოში ამერიკულმა კინომწარმოებელმა „ნეტფლიქსმა“ აღიარა, რომ ცნობილ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ფაქტები გაავრცელა.

კომპანია მოჭადრაკეს სასამართლო დავის შეწყვეტას სთხოვს. 

„ნეტფლიქსმა“ იშუამდგომლა სამართალწარმოების შეწყვეტით. ამ უფლებას იყენებენ ხოლმე, როდესაც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესაძლებლობით. სცენარისტმა დაადასტურა, რომ მან იცოდა, რომ ნონა იყო საბჭოთა ცნობილი მოჭადრაკე, მაგრამ ამერიკული აღქმები გამოიყენა, საბჭოთას რუსს ეძახდნენ და ამიტომ მოიხსენია იგი რუსად.

„ჩვენ მოვითხოვეთ სცენარისტის დაკითხვა, „ნეტფლიქსი“ დაგვთანხმდა და იგი ძალიან აირია, უმრავლეს კითხვებზე იძლეოდა პასუხს: „არ ვიცი“, „არ მახსოვს“. სცენარისტმა იცოდა სიმართლე, რომ ნონა იყო რეალური გმირი, ის, რომ მას ჰქონდა დამსახურებები, თუმცა ნეტფლიქსმა ეს ფაქტები შეცვალა პირადი ინტერესების, ამ შემთხვევაში სცენის დრამატიზების გამო“, - განაცხადა გაფრინდაშვილის ადვოკატმა.

ქართული მხარე ცნობილი რუსი მოჭადრაკის გარი კასპაროვის გამოკითხვასაც მოითხოვს, რომელიც „ნეტფლიქსს“ მთელი სერიალის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა.

შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა. სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა.

კერძოდ, „ნეტფლიქსის“​ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი რუსი მოჭადრაკეა და მას მამაკაცებთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს.

გაფრინდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. 

დღის ფრაზები

მიხეილ სააკაშვილი:

„მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე“ 

დიმიტრი საძაგლიშვილი:

„სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი დამოუკიდებლობის ნიშნებს ავლენს“

ბექა ბასილაია:

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“

ირაკლი კობახიძე:

„სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი - ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს უნდა დაემატოს“

მაია ბუწაშილი:

„კორონავირუსი არ არის ის ინფექცია, რომელიც მყარ იმუნიტეტს იძლევა“

ლევან ხაბეიშვილი:

„ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილის ტვინს, ენერგიას და მის განათლებას ვიყენებდეთ, დილეგში ჰყავთ გამოკეტილი“

დღის კარგი ამბავი

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.58 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 3.4813 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4953 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 დეკემბრიდან შევა ძალაში.

 დღის ცუდი ამბავი

ფონიჭალაში ტრაილერი ქვეითს დაეჯახა - არის მსხვერპლი

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ინფორმაციით, საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 75 წლამდე ასაკის კაცს დაეჯახა,  რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

შემთხვევის შედეგად ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 

დღის უცხოური ამბავი

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ჯო ბაიდენმა ონლაინშეხვედრა გამართეს. ვიდეოკონფერენცია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრა დახურული ვიდეო ბმულის საშუალებით გაიმართა. მედიისთვის შეხვედრის მხოლოდ ნახევარწუთიანი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც პრეზიდენტების მისალმება იყო ასახული.

როგორც შეხვედრამდე გახდა ცნობილი, ლიდერებს უკრაინა-რუსეთის საზღვართან მიმდინარე მოვლენებზე, ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე უნდა ემსჯელათ.

დასავლეთი მოსკოვს უკრაინაში „შეჭრის“ დაგეგმვაში ადანაშაულებს და ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. რუსეთი კი ყველა პრეტენზიას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს

დღის ფოტო

თბილისის ანძიდან დანახული დედაქალაქი

დღის ვიდეო

დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - წყალდიდობამ და შტორმმა აშშ-ში პრობლემები შექმნა