მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის შესაძლო გადაყვანა გორის ჰოსპიტალში, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტა და სავალდებულო ვაქცინაცია ავსტრიაში - 19 ნოემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 

დღის მთავარი ამბავი
მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ვთავაზობთ შემდეგს, რომ იგი გადაყვანილ იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. მკურნალობის დასრულების შემდეგ კი მას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება და უსაფრთხოება თავიდანვე დაცული იყო, რასაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს.

„მისი უფლებები არის დაცული, რისი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანის თაობაზე. სააკაშვილს ამ წუთამდე არ შეუსრულებია სტრასბურგის დაჟინებული მოთხოვნა შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი

დღის პერსონა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

„გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია“, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, გააგრძელებს ბრძოლას, რომ გორში გადაყვანის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს.

„სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ მივედით იმ მძიმე ვითარებამდე, როდესაც მისი სიცოცხლის დიდი რისკი დადგა, ჩვენ დროულად არ მოვისმინეთ პროფესიონალი ექიმების პოზიცია და აღმოვჩნდით ძალიან მძიმე ვითარებაში. გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით მკურნალობის. ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის.

მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები და ფრთხილები ამ ვითარებაში, როდესაც არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე. სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება, რომ შესულიყო და სწრაფად გამოეტანა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ. ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ეს უნდა იყოს ლეგიტიმური ადვოკატთან ერთად, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და მშვიდობიანი პროცესი. ველოდები ექიმს, რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი და ველოდები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. 

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „არ გახვიდეთ გარეთ, ღმერთი გიშველით, ან ამერიკა, ან უცხოპლანეტელები“ - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა

„სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ“ - ნიკა მელია

 მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ

 „ისტორია მეორდება, ღმერთი ქართველ ერს ცოდვის გამოსყიდვის შანსს გვაძლევს“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

 „გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა“ - ალეკო ელისაშვილი

დღის ფრაზები

ნინო ლომჯარია:

„ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა“

ნიკა ოქრიაშვილი:

„გორის ჰოსპიტალში მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი რამდენიმე თვეა, გაფუჭებულია“

მამუკა ხაზარაძე:

„ყოველდღე ორ ავტობუს ადამიანს ვასაფლავებთ“

ნიკა მელია:

„სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ“

მეგის ქარდავა:

„დადგება დრო და პირადად შოთაძეს მოუწევს პასუხისგება კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით“

დავით სერგეენკო:

„გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა“

დავით ქაცარავა:

„სახალხო სეირნობები უნდა მორჩეს, საჭიროა მაიდანი“

გიორგი ფხაკაძე:

„შექმნილ სიტუაციაში სჯობს, სააკაშვილი გადაიყვანოთ საზღვარგარეთ“

ირაკლი კობახიძე:

„სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ ოპოზიცია სისხლის ღვრაზეც კი წავა, რათა იგი გაათავისუფლოს“

კარლ ჰარცელი:

„დროა, მხარეებმა იფიქრონ ულტიმატუმებიდან და დებატებიდან შესაბამისი ქმედებებისკენ გადასვლაზე“

დღის კარგი ამბავი
60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც აიცრნენ, 200 ლარი დღეს ჩაერიცხებათ

„60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ. ფულადი დახმარების თანხამ 2 024 200 ლარი შეადგინა“, - ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.

ამავე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დანამატი 10 121 ადამიანს დაერიცხება.

ინფორმაციისთვის, 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან. 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილები ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან , ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლად გახსნილ ანგარიშზე მოხდება. იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი, რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

დღის ცუდი ამბავი
კახეთში ხუთი შვილის დედა კოვიდინფექციას ემსხვერპლა

კახეთში, დედოფლისწყაროში ხუთი შვილის დედა კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა.

„რადიო ჰერეთის“ ინფორმაციით, 49 წლის ნატო ტოკლიკიშვილს, დედოფლისწყაროს კოვიდკლინიკაში მკურნალობდნენ.

დედოფლის წყაროს კოვიდკლინიკის ხელმძღვანელის ხათუნა აგლაძის თქმით,  პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანის დროს რთული იყო. 

ინფორმაციისთვის, კახეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 267 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღის უცხოური ამბავი
ავსტრიაში მოსახლეობის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

ავსტრია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინაციისთვის ვადა 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე მიეცა.

ამ ეტაპზე ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედია სრულად ვაქცინირებული, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო ყოველ 100 000 მოსახლეზე 991 ინფიცირება ფიქსირდება.

ავსტრია დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად მოსახლეობისთვის სრულ „ლოკდაუნს“ გამოაცხადებს.

ავსტრიის კანცლერის, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, სრული „ლოკდაუნი“ ქვეყანაში მომდევნო კვირის ორშაბათიდან ამოქმედდება.

„ჩვენ ვერ მოვახერხეთ, მოსახლეობას დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში. სამწუხაროა, რომ ასეთი შეზღუდვების შემოღება გვიწევს“, – აღნიშნა კანცლერმა.

ავსტრიამ ორშაბათს გამოაცხადა „ლოკდაუნი“ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის, თუმცა აღნიშნული შეზღუდვის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა.

„კოვიდ 19“-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები ქვეყნის ორ რეგიონში – ზალცბურგსა და ზემო ავსტრიაში ფიქსირდება, სადაც მიმდინარე კვირის სამშაბათს ადგილობრივმა მთავრობამ სრული „ლოკდაუნი“ გამოაცხადა და ამისკენ ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად დასავლეთ ევროპის სულ უფრო მეტი სახელმწიფო გეგმავს „ლოკდაუნის“ გამოცხადებას. ნიდერლანდებში უკვე გამოცხადდა ნაწილობრივი ჩაკეტვა. კვების ობიექტებს, სპორტული დარბაზებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს მუშაობა შეეზღუდათ.

დღის ფოტო
ცისა და მიწის ჰარმონია

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები📸Zdenek Balzer

დღის ვიდეო
„დაძალებით სააკაშვილის კვების შემთხვევაში ეს მისი უფლებების დარღვევა იქნება“ - უკრაინელი ექსპერტი