მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვარდების რევოლუციის“ ცოცხალი ჯაჭვი, პატრიარქის ქადაგება, ლირას მკვეთრი გაუფასურება - 23 ნოემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას! 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ფიცს“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.

მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას.

„ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, ვარდების რევოლუცია თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა „ერი სხვა ერთა შორის“, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა „მსოფლიო დემოკრატიის შუქურა“. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.

ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც სიბნელეს! ჩვენ არ ვართ ზარმაცები, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, არამედ იმ ცხრა წელიწადში ყველაზე სწრაფად ვმუშაობდით და ვვითარდებოდით.

მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობისა და დიდბუნებოვნების, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.

„ვარდების რევოლუციის“ თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. „ვარდების რევოლუციის“ თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები,(რომელიც ამოღებულ იქნა) – „თავისუფლება დღეს ჩვენი“… ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის.

ვარდების რევოლუციამ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა.

ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ამ ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს! ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო! ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახვებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!

თავისუფლება დღეს ჩვენი! წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის პერსონა

„სინანული ასწორებს ადამიანს, ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება“ - ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში წირვის აღვლენის შემდეგ იქადაგა.

როგორც მან ქადაგებაში აღნიშნა, ადამიანი ღვთისგან მიტოვებული არასდროსაა. ის განსაცდელს უვლენს ადამიანს სინანულისთვის, რათა ადამიანი მიხვდეს საკუთარ ცოდვებს და მოიანანიოს, ხოლო ვისაც სინანული არ შეუძლია, მას არ შეუძლია გამოსწორება.

„გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსი.

ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ.

თქვენ გახსოვთ სიტყვები ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? წმინდა გიორგი იყო განსაცდელში. წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და უსაყვარლესი ადამიანი იმპერატორის. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით ეპყრობოდა მას, მაგრამ სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ შეაცვლევინა მისი დამოკიდებულება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო. მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს როცა კაცი ნანობს და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს.

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდაი ცოდვათა თვისთათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა.

ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, ტვინს, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული ანიჭებს ადამიანს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ, ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისგან.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, საქართველო მუდამ იყო განსაცდელში. გიორგობა ეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენთვის. ვთქვათ ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო წმინდაო მოწყალეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის, ამინ!

წმინდა გიორგი იყოს ჩვენი მფარველი. წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები. ჩვენთან არს ღმერთი!“, - ბრძანა პატრიარქმა. 

დღის ფრაზები

ნინო ლომჯარია:

„ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე“

ნიკა მელია:

„2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს წაღმა დააწყებინა ტრიალი“ 

ბექა ბასილაია:

„სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წერტილი უნდა დაესვას“ 

გიორგი ვოლსკი:

„სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ადამიანს, რომ იპოვოს სამუშაო ადგილი და იყოს წყნარად, რადგან მას არ წაართმევენ სოციალურ დახმარებას“

იაგო ხვიჩია:

„სააკაშვილი ციხეში პიჯაკების და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს, არამედ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოლოდინების გაცრუების გამო“

ზაზა წერეთელი:

„გიული ალასანია თავისი შვილის დროს გაუბედურებული ყველა პატიმრის თუ არაპატიმრის დედას დასცინის“  

დღის კარგი ამბავი

„დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს“ - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა გაუმჯობესდა

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან საკვების მიღება დაიწყო. ინფორმაცია თავად პოლიტიკოსმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

„სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, „ბასეინში წყალიც ჩამისხეს“.

დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა ნიუ ჰოსპიტალს“,- წერს  ელენე ხოშტარია.

დღის ცუდი ამბავი

„მამა თეოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა, მისი ძმა სიკვდილს ებრძვის“ - მღვდელ-მონაზონი იერონიმე

თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური, მამა თეოლოგი 46 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, მისი ძმა კი, ასევე არქიმანდრიტი, ინფიცირებულია და საავადმყოფოში მკურნალობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელ-მონაზონი იერონიმე სოციალური ქსელით ავრცელებს.

„ძალიან სამწუხარო ამბავი… 46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.

სამწუხაროდ, მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა. ღმერთმა აცხონოს მისი სული. პ.ს. მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…“, - წერს მამა იერონიმე. 

დღის უცხოური ამბავი

ერდოღანის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მოტივით, დაბალი საპროცენტო განაკვეთების კიდევ ერთხელ მხარდაჭერის შემდეგ, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა, - ამის შესახებ bloomberg იუწყება.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ თურქული ვალუტის გაუფასურება ერდოღანის ახალმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომელმაც საპროცენტო განაკვეთები 4%-მდე შეამცირა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გადავიდა ეკონომიკის ახალ წყობაზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს დიდ ინვესტიციებს, ექსპორტსა და სამუშაო ადგილების შექმნას.

თურქეთის ამ გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებული ინვესტორები ჩივიან, რომ მონეტარული პოლიტიკა არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

1 დოლარის ღირებულებამ 12 ლირას გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

დღის ფოტო

თიანეთში საარჩევნო პლაკატებს ხსნიან

დღის ვიდეო

18 წელი „ვარდების რევოლუციიდან“ - ცოცხალი ჯაჭვი თბილისში