მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზღვაში შთაფლვის ტრადიცია ბათუმში, მიწა, რომელიც საქართველოს მდინარე იორდანეს მიმდებარედ მიწა გადასცეს, პოროშენკოს სასამართლო პროცესი - 19 იანვრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
„სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“ - ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის მეთოდოლოგიის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

როგორც ლომჯარიამ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ექსპერტთა ჯგუფმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სამი ვიზიტი განახორციელა.

ლომჯარიას თქმით, სამი ვიზიტის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილთან მიმართებით მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ ყოფილა.

„სახალხო დამცველის, ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ. დღეს წარმოვადგენთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს.

ამ სამი ვიზიტის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იმყოფება, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე. აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება.

ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, არ ვაპირებთ, რომ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან, სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით ცვლილებები არ არის. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპისათვის ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები შემაჯამებელი იქნება პაციენტის მდგომარეობის შესახებ“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

დღის პერსონა
„პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არ ვარ“ - მეუფე ნიკოლოზი

„თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში იქნება, ვფიქრობ ეს ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელი პოზიცია იქნება“, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიდა პატიმრობასთან დაკავშირებით მისსავე გაკეთებულ განცხადებას. 

სასულიერო პირის თქმით, მისი განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ან სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა.

მეუფე ნიკოლოზი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავისი სამშობლოს მომხრეა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მსგავს საკითხებს და თავის პოზიციებს სხვა სასულიერო პირებთან არ ათანხმებს და შესაბამისად მისი განცხადება ეკლესიის ზოგად პოზიციას არ წარმოადგენს.

„მიხეილ სააკაშვილი სანამ საქართველოს დატოვებდა, ჩემთან რამდენჯერმე არის ნამყოფი. ხალხს კარგად არ ესმის და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე კი არ ვარ, მე ვარ ჩემი სამშობლოს და ქვეყნის მომხრე. ჩემი პირადი აზრია, რომ ქვეყნისთვის ასე ჯობია. ეს არ არის ეკლესიის ზოგადი პოზიცია. ასეთ საკითხებს სხვა სასულიერო პირებთან არ ვათანხმებ.

თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში იქნება, ვფიქრობ, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელი პოზიცია იქნება, იმიტომ რომ თუ ამაზე ხელისუფლება დათანხმდება, ვფიქრობ, მაშინ ძალიან ბევრი პირობის წამოყენება შეეძლება ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებისადმი. ვფიქრობ, სააკაშვილის მომხრეები ამ პირობებს მიიღებენ. მგონია, რომ შეთანხმებაზე იქნება საუბარი და დაიწყება მშვიდობის და სიწყნარის დამყარება ქვეყანაში“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზი ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„იმისათვის, რომ წარსულზე საერთო შეფასებები გავაკეთოთ, საერთო ღირებულებათა სისტემა უნდა გვქონდეს და ხანდახან ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. შერიგება, როგორც ასეთი, უნდა დაიწყოთ იმით, რომ თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, თუ განსხვავებული აზრი გვექნება, ამ ქვეყანაში მშვიდობიანად თანაარსებობის პრინციპებზე შევთანხმდეთ. ეს იქნება შერიგება“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის კარგი იქნება? სასულიერო პირი კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ცუდია.

„არ ვიცი, კარგი იქნება თუ არა მისი გარეთ ყოფნა, მაგრამ მისი ციხეში ყოფნა რომ ნამდვილად ცუდია ქვეყნისთვის, ეს ვიცი“, - დასძინა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

გარდა ამისა, სასულიერო პირმა ნათლისღების დღესასწაულზე სინანულისა და პატიების შესახებაც ისაუბრა.

„საქმე ის არის, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა საუბარი შერიგებაზე, პატიებაზე. ყველა ამას მეუბნება, „როგორ უნდა შევრიგდეთ, როგორ უნდა მოხდეს ეს, მით უმეტეს როცა სისხლზეა საუბარი?“  ამას ორი პასუხი აქვს, ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე. მეორე - შიგნით უნდა მოვძებნოთ გზა.

პატიება და შერიგება არ ნიშნავს განუკითხაობას, ამის არაჩვეულებრივი მაგალითია საეკლესიო მიტევების დღე, რომელიც დიდი მარხვის დაწყების წინ არის. მესამე პრეზიდენტსაც ვუთხარი, რომ ყველაზე სწორი იქნება ხალხს შერიგებისკენ მოუწოდოს. ვუთხარი „კარგი იქნება თუ თვითონ დაიწყებთ თქვენი თავიდან“. რისთვის უნდა ითხოვოს ადამიანმა პატიება? ძალიან მოეწონა ეს აზრი. ვუთხარი, რომ შევთავაზებდი საზოგადოებას, რომ ეს დღე სინანულის დღედ გამოცხადდეს. ადამიანი, როცა სინანულს გამოხატავს თავისი საქციელის გამო, სულიწმინდის მადლის შენდობა ხდება და პირველ რიგში ღმერთი აპატიებს ადამიანს“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზი ინიციატივით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში თავის ეპარქიაში გადაიყვანონ.

სასულიერო პირმა განაცხადა, რომ მას შეუძლია სააკაშვილისთვის სივრცის გამოყოფა. 

ამავე თემაზე: 

„მზად ვარ, ეპარქიაში ადგილი გამოვყო და სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ“ - მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიმართავს (ვიდეო)

დღის ფრაზები

მეუფე ნიკოლოზი:

„პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არ ვარ“

ზურაბ ჯაფარიძე: 

„სააკაშვილის გათავისუფლების შანსი ნულია, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება“

ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე:

„ეკონომიკური პროგრამა არა მხოლოდ დაუწერია, ამ დრომდე ერთადერთია, ვისაც ეს განუხორციელებია“

ნინო ლომჯარია: 

„სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები“

ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე:

„ადამიანს შესაძლოა, ეკლესიაში მოთავსება უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობად ექცეს, ვიდრე ციხის კედლებში“

ირაკლი ღარიბაშვილი:

საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ

დღის კარგი ამბავი 
საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ
„საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობის მეთაური ამბიონზე მიიწვია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად.

„თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მოსახლეობავ, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ - მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა.

მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორეს, მის უმაღლესობა პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოს ქრისტოფორუს, ჩვენი მთავრობის, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ბატონ ზაზა კანდელაკს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენი წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე. ნათლისღებას გილოცავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ცუდი ამბავი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 8 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  8 545 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 015 592-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 943 212 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 555 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,72%, ბოლო 14 დღის - 10,44%, ბოლო 7 დღის - 10,93%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

დღის უცხოეთის ამბავი
პოროშენკო სასამართლომ არ დააკავა

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პატიმრობაში არ აიყვანეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

უკრაინის მე-5 პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სასამართლოზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა პოროშენკოს დაკავების შესახებ არ გაითვალისწინა. პოროშენკო „პირადი ვალდებულების“ ანუ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლოში გამოცხადდეს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ალექსეი სოკოლოვმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოგვიანებით პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პოროშენკო კიევში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტიდან პირდაპირ სასამართლოში მივიდა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებაზე მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდა.

საბოლოოდ სხდომა გადაიდო და განაჩენის გამოცხადება 19 იანვრისთვის გადაიდო. პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატის საქმის ფიგურანტია. სისხლის სამართლის საქმე 2014-2015 წლებში დონბასში, კიევის მიერ უკონტროლო ტერიტორიებიდან ქვანახშირის უკანონო შეძენას ეხება. მთავარი ბრალდებული პარტია „ოპოზიციური პლატფორმის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკია. 

დღის ფოტო

მთვარე📸შერმაზანა

დღის ვიდეო


ბათუმში ნათლისღების დღესასწაულზე გვიან ღამით მორწმუნეები ზღვაში შევიდნენ 🎥TV25