უცხოეთი

სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დაიწყო

რობერტ ქოჩარიანის სასამართლო პროცესი
1611053818
დაკოპირებულია

სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის სასამართლო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. 

ქოჩარიანის გარდა საქმეში ასევე ფიგურირებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი სეირან ოგანიანი, სომხეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იური ხაჩატუროვი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი არმენ გევორქიანი.

ქოჩარიანი 2018 წლის მარტში დააკავეს. მას ბრალად ედება სომხეთში საკონსტიტუციო წყობის დამხობა. საუბარია 2008 წლის მარტის მოვლენებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქოჩარიანი ძალაუფლებას სერჟ სარგსიანს გადასცემდა. საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი მონაწილის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებოდნენ, ერევანში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს შორის სომხეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანიც იყო. აქცია დაარბიეს, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა და 250 დაიჭრა.

სასამართლოს პარალელურად რობერტ ქოჩარიანის მომხრეები აქციას მართავენ. მათ პლაკატებს აწერია „შუშა ვინც დაკარგა იმას ასამართლებს, ვინც შუშა დაიბრუნა“. შუშა მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქია, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში დაიკავეს.

იხილეთ აგრეთვე:

სომხეთმა სახმელეთო საზღვარი გახსნა

სომხეთის პრეზიდენტი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს