ამის შესახებ "პირველს" ანზორ სვიანაძემ უთხრა. ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრიდან" გარიცხულმა ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ მის მიმართ ცილისწამების შემცველი ბრალდებები გაჟღერდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"ეს ადამიანი, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, საშინელ ბრალდებებს მიყენებს. არ ვიცი, რა ვთქვა, ნორმალურად არც კი ვიცნობ. რატომ დასჭირდა ეს ყველაფერი? დაინახა, რომ ჩემი საქმე რეზონანსული იყო, ბოლო დროს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოუნდა. ის ხომ გერმანიაშია? აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ვერავინ შეეხება და სამართლებრივად პასუხისგებაში არ მიეცემა. ჩვენ, პირველ რიგში, სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. ორი ადვოკატი მყავს – არჩილ ნიჟარაძე და ლედი ტუკვაძე. საშინელი ბრალდებების შემდეგ ადამიანთა ჯგუფი განმიდგა და გამლანძღა. ეს კაცი, რომელიც ახლა ქალია, "ახალგაზრდულ ცენტრში" ჩემსავით სწავლობდა. უბნელები ვართ, მაგრამ მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. ეს ყველაფერი ტყუილია", - განაცხადა ანზორ სვიანაძემ.
"პირველი" ანზორ სვიანაძის ადვოკატს არჩილ ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა საფუძვლები, რატომ დაიცავს უსასყიდლოდ მედიასკოლიდან გარიცხული ანზორ სვიანაძის უფლებებს.
"1. ყველა ადამიანი თანასწორია და არავინ არ უნდა დაექვემდებაროს უსამართლო ჩაგვრასა და დისკრიმინაციას;
2. ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება;
3. მის განცხადებაში (ფეისბუკპოსტში) სიძულვილის ენა არ შეინიშნება, ვინაიდან სიძულვილის ენის განმარტების (დეფინიციის) თანახმად, ის უნდა შეიცავდეს საქციელის მაპროვიცირებელ ნაწილს, რაც ჩემი მარწმუნებლის განცხადებებში არ იკითხება;
4. დაუშვებელია ორმაგი სტანდარტის დამკვიდრება და ჩაგრულთა დაცვის მოტივით სხვა ადამიანის რეალური დისკრიმინაცია და მისი უფლებების შელახვა;
5. ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება, მის მიერ არჩეულ სასწავლო დაწესებულებაში (თუკი სტუდენტი აკმაყოფილებს სასწავლებლის აკადემიურ მოთხოვნებს), შესაბამისად, დაუშვებელია სტუდენტის დაუსაბუთებელი ბრალდებებით გარიცხვა სასწავლებლიდან. დაწესებულების საგანმანათლებლო სპეციფიკიდან გამომდინარე იგივე ნორმა ეხებათ კერძო სასწავლებლებსაც, ასევე სასწავლებლებს, რომლებიც სტუდენტებისათვის არაფორმალურ განათლებას უზრუნველყოფენ;
6. სასწავლო დაწესებულების შინაგანაწესი (დებულება) არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ეწინააღმდეგება, ასეთი დოკუმენტი იურიდიულად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს;
7. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, რაც პრეცედენტულ ხასიათს ატარებს, დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენების მოტივით შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები. კერძოდ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
8. ანზორ სვიანაძისადმი მიზანმიმართული დისკრედიტაცია დღემდე გრძელდება. კერძოდ, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ამჟამად კარალევა კრისტის სახელწოდებით დარეგისტრირებულმა პიროვნებამ, რომელიც, სავარაუდოდ, LGBT თემის წარმომადგენელია, გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ანზორს ჰომოსექსუალსა და, მისივე განმარტებით, გეის უწოდებს. აღნიშნული ვიდეოს გავრცელების გამო, ჩემი მარწმუნებელი განიცდის უმძიმეს ფსიქოლოგიურ წნეხს და ამჟამად იმყოფება სტრესულ ვითარებაში, ის გაურბის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კონტაქტს ვიდეოს შინაარსის გამო და ასევე აქტიურად ფიქრობდა სუიციდზე. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ვიდეოს განთავსება ძალზე საეჭვოდ დაემთხვა დროში სვიანაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას. შესაბამისად, მოცემულ ქმედებას განვიხილავთ, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან ჩემი მარწმუნებლისადმი გამოცხადებული მხარდაჭერის ჩამოშორების მცდელობას;
9. მივიჩნევ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არ ემსახურება LGBT თემის ინტერესებს, ვინაიდან ჩემი მარწმუნებლის ჩაგვრა და მის წინააღმდეგ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზაციას და გაზრდის ამ თემის მიმართ საზოგადოებრივ აგრესიას, რაც სავალალო შედეგების მომტანი იქნება".
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ანზორ სვიანაძის მიმართ უკანონოდ მოხდა სკოლიდან დისკრედიტაცია, კერძოდ, მის მიმართ დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება. ვფიქრობ, თავად ქეისი აბსოლუტურად ჩვენს სასარგებლოდაა მომართული, რადგან ახალსა და განსაკუთრებულს არაფერს ვამტკიცებთ. ნებისმიერ ადამიანს აქვს კონკრეტული საკითხის მიმართ გამოხატვის თავისუფლება. მეორე საკითხია, გავრცელებული ვიდეო, სადაც კონკრეტული ადამიანი უსაფუძვლოდ სდებს ბრალს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. კერძოდ, ვიდეოში ისმის შემდეგი სახის სიტყვები: "ანზორი არის გეი, რომ კადრში ასახულ პირთან მას სექსუალური კავშირი ჰქონდა". ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ სვიანაძე სუიციდის მსხვერპლიც კი შეიძლება გამხდარიყო, რადგან მისი მორალური ღირებულებები შორსაა მსგავსი ბრალდებებისგან. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რათა მოხდეს ფაქტის სამართლებრივ ჭრილში განხილვა", - უთხრა "პირველს" ნიჟარაძემ.
"პირველი" რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას გთავაზობთ:
იგივე თემაზე:
ლგბტ თემზე გამოთქმული მოსაზრების გამო სტუდენტი სასწავლებლიდან 7 ნოემბერს გარიცხეს.