პეტროვმა და ბაშიროვმა ინტერვიუ Russia Today-ს მისცეს.
მათი თქმით, სოლსბერიში ჩასვლის მიზეზი ტაძრის მონახულება იყო, რომელსაც უძველესი საათი ამშვენებს.
„მეგობრები დიდი ხანია გვირჩევდნენ, ეს შესანიშნავი ქალაქი მოვინახულოთ. იქ ცნობილი ტაძარია, სოლსბერის ტაძარი, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ცნობილია თავისი საათით. მსოფლიოში პირველი საათით და რომელიც დღემდე გამართულად მუშაობს“,-განაცხადა რუსლან ბაშიროვმა.
ალექნსარე პეტროვის განმარტებით, „თავდაპირველად ლონდონში ჩავედით და გვინდოდა კარგად გართობა. ეს საქმიანი მგზავრობა არ ყოფილა. დავგეგმეთ მოგზაურობა. ლონდონში უნდა მოვხვედრილიყავით, სოსლბერიშიც. მაგრამ, როდესაც ჩავფრინდით ისეთი უამინდობა იყო, თოვდა, ვიფიქრეთ თვითმფრინავსაც კი გაუჭირდებოდა დაშვება. ინგლისში 2-3 რიცხვში სატრანსპორტო კოლაფსი იყო. თოვლი იყო“.
„სოლსბერიში ჩავედით 3 მარტს, ვგეგმავდით ქალაქში ერთი დღით დარჩენას, მეტი აღარ დაგვჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათი ვიყავით, რადგან ისეთი თოვლი იყო მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებული იყო. მედია არ საუბრობს, რომ ამ დღეს სოლსბერიში კოლაფსი იყო, არავინ ამბობს, რომ შეუძლებელი იყო მოძრაობა, მუხლებამდე სველი ვიყავით. ამის მერე სადგურში წავედით, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში კაფეში ვისხედით, ყავას ვსვამდით და დავბრუნდით ლონდონში“,-განმარტა პეტროვმა.
რუსლან ბაშიროვის თქმით, უკვე 4 რიცხვში სოლსბერიში დაბრუნება გადაწყვიტეს, რადგან ლონდონში თოვლმა დნობა დაიწყო, კარგი ამინდი იყო და ეჭვმიტანილებმა იფიქრეს, რომ სოლსბერიშიც გამოიდარებდა.
„ტაძარში ბევრი ფოტო გადავიღეთ, ვისხედით პარკში, ვსვამდით ყავას, ვსეირნობდით. შესაძლოა სკრიპალების სახლსაც გავუარეთ, ჩვენ ხომ არ ვიცით სად ცხოვრობდნენ ისინი. სანამ ეს კოშმარი დაგვემართებოდა სკრიპალების გვარიც კი არ გამიგია“,-აღნიშნა ბაშიროვმა.
მათი თქმით, მეწარმეები არიან, კერძოდ, ფიტნეს სფეროში არიან დასაქმებული და ევროპაში უწევთ სიახლეების სანახავად ჩასვლა.
ამასთან, ბაშიროვი და პეტროვი აღნიშნავენ, რომ მარტის შემდეგ“ნამდვილ კოშმარში ვცხოვრობთ. გვეშინია, ქუჩაში გასვლის გვეშინია“ და იმედოვნებენ, რომ „როდესაც მოძებნიან ნამდვილ დამნაშავეებს ინგლისელებმა ბოდიში უნდა მოგვიხადონ“.