როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის საგარეო პოლიტიკის და პარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტის თავმჯდომარემ იგორ კოჩიევმა განუცხადა, სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის აგება საფრთხის შემცველი არ არის.
„სათვალთვალო კოშკურას არავითარი საფრთხე არ მოაქვს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ის საფრთხის შემცველია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს სათვალთვალო პუნქტია“,-აღნიშნა კოჩიევმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილებოდა, თუმცა კოჩიევმა ერთ-ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
მისი შეფასებით ქართული მედია დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.
„მაგალითად, თითქოს ადამიანების გატაცება მიდის, რომ ჩვენთან ჰუმანიტარული კატასტროფაა, რომ შიმშილის ზღვარზე ვიმყოფებით. ადამიანებს არავინ იტაცებს. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას მღვდელთან დაკავშირებით, მე განსხვავებულ ისტორიას მოგიყვებით. თუ ჩემი არ გჯერათ მიდით მღვდელთან და ჰკითხეთ, თუ როგორ გადაძვრა ის სასაზღვრო ღობეზე, როგორ გადავიდა სამხრეთოსეთის ტერიტორიაზე, სადაც მას ნათესავები ჰყავს - შესაბამისად ის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მეორე დღეს გათავისუფლდა. თქვენ კი გატაცებაზე საუბრობთ“,-განაცხადა იგორ კოჩიევმა.
რაც შეეხება ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ნივთების ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხს, კოჩიევი ამბობს, რომ „ყველა მასალა გადაცემულია. ჩვენ ასევე პროტესტი გამოვთქვით შეხვედრაზე, რადგან ეს საკითხი ამ ფორმატს სცდება“.