ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“განუცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია “პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ მიმდინარეობს.
კითხვაზე, მოსამართლეებთან დაკავშირებულ გუნდში არსებულ დაპირისპირებაში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ვის მხარეს არის, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ „მე ვიცი, რომ მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი და დანარჩენზე ადრესატები თვითონ მოგახსენებენ“.
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დაშლას, ამის საფრთხე არ არსებობს. ჩვენი გუნდი არის ერთიანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ყველა გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება“,-აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, იმ ფონზე როდესაც ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის მხარეს კიდევ სხვა დეპუტატები გადავლენ, მოსალოდნელია თუ არა მარტში მეტი დაპირისპირება გუნდში, და ხომ არ არის მოსალოდნელი ახალი პარტიის, ან ფრაქციის შექმნა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „თუ კონკრეტული ერთი, ორი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვება გარკვეული საკითხები. მაგრამ, გუნდის ერთიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება პარტიას, ან ფრაქციას ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ ვმუშაობთ გუნდის ერთიანობაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.