ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 8 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა.
“აიაირას” ცნობით, ნავში მყოფი ორი მეთევზე წყალში გადავარდა და ჩაძირვა დაიწყო, რა დროსაც მათ საშველად საკუთარი ხელთნაკეთი ნავით გაემართა გენადი კოკოსკირი, რომელიც ნაპირზე იმყოფებოდა.
ნავმა სამი ადამიანის სიმძიმეს ვერ გაუძლო და გადაბრუნდა. ორმა კაცმა გამოცურვა შეძლო, ხოლო გენადი კოკოსკირი დაიღუპა. მყვინთავებმა ცხედარი საათნახევრიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად იყენებს ხელთნაკეთ ნავებს, რომლებიც არანაირ ტექნიკურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და სამაშველო ჟილეტებითაც კი არ არის აღჭურვილი.
მისივე თქმით, დიდია ალბათობა, რომ მსგავსი ნავებით თევზაობას ტრაგედია მოჰყვეს.