თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეულმაპროფესორმა დავით ნიჟარაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს მიმართა, რითაც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გადაწყდა ახალი კათედრის - „გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის“ შექმნა.


„ბატონო რექტორო, თქვენი ლოგიკით, ჯერ დაფუძნდა კათედრა სახელწოდებით „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“', შემდეგ შეიქმნება „ლოკალურ გარემოში მენეჯმენტი“, „სახელმწიფო მენეჯმენტი“, „მუნიციპალური მენეჯმენტი“, „თემთა მენეჯმენტი“, „საოჯახო-საყოფაცხოვრებო მენეჯმენტი“, „ინდივიდების მენეჯმენტი“, „წიაღის მენეჯმენტი“, „საზღვაო-სახმელეთო მენეჯმენტი“, ''მიწისზედა და მიწისქვეშა მენეჯმენტი“ და ა.შ.


მოკლედ, სახეზეა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული „მენეჯმენტიზაცია“ სულისკვეთებით - „რიგითი ღაღანიძის გადასარჩენად“. რაც შეეხება თქვენი დიდი ძალისხმევით და „მყარი ნაბიჯებით“ ფორმირებულ „აბსურდის მენეჯმენტის კათედრის“ ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, ამ პოსტს თქვენი ხელდასმული დეკანი დაიკავებს.  ეს კი არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ, დებულებას ხომ არ დაარღვევთ?!


ხომ მართლა, ამას გულისხმობდით თქვენ მიერ დაანონსებულ რეფორმა-რესტრუქტურიზაციაში?!, - მიმართავს სოციალური ქსელით თსუ-ის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, ამავე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი დავით ნიჟარაძე.


„პირველის“ ინფორმაციით, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა ახალი კათედრა სახელწოდებით - „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან მხოლოდ ორი იყო - დავით ნარმანია  - მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი და შოთა შაბურიშვილი - ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ბიზნესის კათედრიდან.


„პირველთან“ საუბრისას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჩოხელმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით კლანი, რომლის ერთ თავში დეკანი გიორგი ღაღანიძე, ხოლო მეორე თავში საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი ავთანდილ სილაგაძე არიან, ცდილობს გაძლიერდეს და ახალი პლაცდარმი შეუქმნას დეკან ღაღანიძეს, რომელიც ფაკულტეტის დებულების თანახმად ავტომატურად გახდება  კათედრის ხელმძღვანელი. მისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ ამის გამო მიდიან გაუგონარ თავხედობაზე და ქმნიან კათედრას ყოველგვარი პროექტის გარეშე, ანუ ისე, რომ შესაბამისი სასწავლო კურსები მომდევნო 2 სემესტრის განმავლობაში უნდა „დააწიონ“.  მანამდე, ახალი კათედრის წევრები ყველა სასწავლო კურსით კვლავ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრიდან დაკმაყოფილდებიან, თუ ახალ სასწავლო კურსებს ვერ შექმნიან, არაფერია, ძალა ხომ მათ ხელშია, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრას წაართმევენ, - მიაჩნია ჩოხელს.


„ჩემთვის გამაოგნებელი იყო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აკადემიური საბჭოს წევრის და ერთ-ერთი ვითომ რიგითი კათედრის გამგის ავთანდილ სილაგაძის ტონი, რომლითაც ის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგეს, კოლეგას, დავით ნარმანიას მიმართავდა. სილაგაძე აღნიშნავდა, რომ არ იყო სწორი, როცა მისი კოლეგა კათედრასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს, მათ შორის საკუთარი კათედრის სხდომის დღის წესრიგში საკითხების ფორმულირებასაც კი„მათთან,“ უშუალოდ კი მასთან არ ათანხმებს... თან ამ ყოველივეს სილაგაძე დამრიგებლურ - დიდაქტიკურ ტონში და საკმაოდ დიდხანს იმგვარად წარმოაჩენდა, რომ ჩემი აზრით, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ეჭვი შეეპარებოდა იმაში, თუ სად იმყოფებოდა  XXI საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოს - საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტის წამყვანი ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, თუ XX საუკუნის 70-80 იანი წლების „საუკეთესო ტრადიციების“ შესაბამისად მიმდინარე პარტიულ შეკრებაზე, სადაც გავლენიანი და უფროსი პარტიული ბოსები ინიციატივიან და რეალისტ ახალგაზრდებს ტუქსავენ და ავიწროვებენ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევის გამო. მე მხოლოდ გაოგნება და შესაბამისად, შემდგომ უკვე, ამ ყველაფრისთვის მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევა დამრჩენია, რამდენადაც, ზუსტად ვიცი, რომ ფაკულტეტის საბჭოს ამ სხდომის მსგავსი სხდომები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაბარდეს წარსულს“, - ამბობს პროფესორი.


მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე გულუა აღნიშნავს, რომ  პროტესტს, რასაც ფაკულტეტის რამდენიმე პროფესორი ბოლო წლებია დაუფარავად გამოხატავს ფაკულტეტზე შექმნილი კლანური მმართველობის გამო, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს. „სურთ ,,გაიკეთონ” კათედრა და სახელი ვერ დაარქვეს. მას, ვინც მოიფიქრა კათედრის სახელწოდება -,,გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“ ვფიქრობ, არ აქვს უფლება „მოღვაწეობდეს“ თსუ-ში. წარმოიდგინეთ, მათ შექმნეს „ჰაერში სუნთქვის კათედრა“ მაშინ, როცა უკვე არსებობს „სუნთქვის კათედრა“. ეს ეწინააღმდეგება ყველა ლოგიკურ ჩარჩოს და არ აქვს არგუმენტირებული საფუძველი, გარდა კლანის მიერ ლობირებულ ერთეულთა პირადი ინტერესისა“, - ამბობს გულუა.


მისი განცხადებით, არაეთიკური და ამორალურიც კი არის, ფაკულტეტზე იქმნებოდეს ახალი, ყოვლად გაუგებარი დანიშნულების კათედრა ადამიანისთვის, რომლის პროფესორობის კანონიერებაზეც კითხვები სასამართლო ფორმატშია დასმული. „ეს სამარცხვინო ფაქტი და ის მეთოდები, რომელიც მის მისაღწევად იქნა გამოყენებული  ავლენს რექტორის წარუმატებელ მმართველობას თსუ-ში, რომელსაც ბიუროკრატიული მექანიზმებით და ქურდული გარჩევებით კონკრეტული პირები ამყარებენ. ჩვენ  ყველა შესაძლო კანონიერი გზით შევეცდებით მივმართოთ თსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს (რომელმაც უნდა დაამტკიცოს ახალი კათედრის შექმნის გადაწყვეტილება), რომ არ დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება, როგორც ფაკულტეტის სტუდენტთა ინტერესების დამაზიანებელი და მხოლოდ დეკანისა და კიდევ რამდენიმე პროფესორის, პირად, დაუმსახურებელ ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება.  ამ პოზიციას არგუმენტირებულად და ზედმიწევნით დავიცავთ ყველგან, სადაც მოგვისმენენ, იქნება ეს თსუ-ის წარმომადგენლობითი  საბჭო, განათლების სამინისტრო, განათლების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი თუ შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები. იმას კი, რომ მოგვისმინონ, აუცილებლად მივაღწევთ. ის რაც დღეს ხდება თსუ-ში არის საქართველოს თითოეული მოქალაქის სირცხვილი“ - აღნიშნავს გულუა. 


მოწვეული პროფესორი დავით ნიჟარაძე ამბობს, რომ ის რაც ფაკულტეტზე ახალი კათედრის შექმნის გადაწყვეტილებით მოხდა, მისთვის მოულოდნელი არ იყო. „ეს მოხდებოდა, ცხადი იყო, რამდენადაც თსუ ადმინისტრაციამ, კერძოდ კი პრორექტორ ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით შექმნილმა მედიაციის ჯგუფმა, მედიაციის ეს პროცესი იმდენად იმიტირებულად და მოვალეობის მოხდის ფორმატით წარმართა, რომ იმთავითვე ცხადი გახადა, რაც იქნებოდა შედეგი...


ფაქტია, „საკუთარი“ კათედრა დეკან ღაღანიძეს ჰაერივით სჭირდება. საამისოდ, მისი წამქეზებლები და გულშემატკივრები - კლანის წევრები - ავთანდილ სილაგაძე, ვლადიმერ პაპავა და ცხადია, რექტორი შარვაშიძე - მიდიან ყველაფერზე, რაოდენ არაადეკვატური და არათანმიმდევრულიც უნდა იყოს მათი ეს ნაბიჯები. მედიაცია ჩააგდეს და იურიდიული სამსახურის უფროსის კუკულავას დახმარებით  მედიაციის შემაჯამებელი დოკუმენტი გააყალბეს. ფაკულტეტის საბჭოზე საკითხის გატანის დროდ შუაგული აგვისტო შეარჩიეს, თითქოს ხელიც დაიბანეს  და რექტორი შარვაშიძე და პრორექტორი გვენეტაძე ამ დროს საერთოდაც შვებულებაში გავიდნენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების სიმძიმე, თუ სიმსუბუქე, ამ ეტაპზე მაინც, მთლიანად აჰკიდეს ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც, იმ პირობებში, როცა იქ  მათივე მხარდაჭერილი სილაგაძე-ღაღანიძე-პაპავას კლანი დომინირებს, რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა... მუდამ აღვნიშვნავ, რომ რაც ახლა ხდება - ანუ ღაღანიძისთვის ჰაერიდან მოგონილი პერსონალური კათედრის შექმნა, სხვა არაფერია თუ არა სილაგაძისა და პაპავას მხრიდან მადლობის გადახდა, ერთგვარი ვალის დაბრუნება ღაღანიძისთვის, რამდენადაც სწორედ ღაღანიძის ძალისხმევით მოხდა, რომ მან საპენსიო ასაკამდე ერთი კვირით ადრე „გაუფორმა“ სილაგაძეს და მასთან ერთად ლადო პაპავას (რომელიც თავის დროზე, რექტორობისას, მსგავსი წოდებების - მუდმივი პროფესორი - შემოღებისა და დაწესების წინააღმდეგი იყო) უვადო პროფესორობა.


მე ვფიქრობ, მათ ჰგონიათ, რომ ფაკულტეტის საბჭოზე ამ გადაწყვეტილების მიღებით ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს (საინტერესოა, ვის ებრძვიან). მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ  ამ გადაწყვეტილებით დაუდეს მათ სათავე ფაკულტეტზე მათი უსამართლო ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისს, რადგან ყველა, ისინიც კი, ვინც დღეს ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ აქტიურობს მათ წინააღმდეგ და რიგ შემთხვევაში იძულებულიც ხდება, რომ მათ ჩანაფიქრებს ფორმალურად მხარი დაუჭიროს, - ისინიც კი ცხადად ხედავენ, რომ ღაღანიძე-სილაგაძე-პაპავას კლანი, შარვაშიძის დუმილით, ანუ ხელშეწყობით, უკან და უკან მიაქანებს ფაკულტეტს და სტუდენტთა საუკეთესო ინტერესები არც არავის აინტერესებს.


სამწუხაროდ, საუნივერსიტეტო უბედურების მასშტაბი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტით არ ისაზღვრება. საქმე ის არის, რომ რექტორი მხოლოდ ღაღანიძისათვის დაუმსახურებელი და უსამართლო, სხვათა კანოიერი ინტერესების დამაზიანებელი კომფორტის შექმნით არ შემოიფარგლება. მას ყველა ფაკულტეტზე ჰყავს მსგავსი ფიგურები, რომლებიც საერთო კლანური ინტერესებით მოქმედებენ და სულ არ აღელვებთ არც თსუ-ის იმიჯი და არც მისი სტუდენტების ინტერესები.


ზოგადად, თსუ-ში ურთულესი ვითარებაა, - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კონკურსის მიღმა უსამართლოდ დარჩენილი მეცნიერები სასამართლოში ჩივიან, იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორი სტუდენტს უჩივის, ჩვენთან კლანურობა ყოველგვარ აკადემიურ საზღვარს სცდება და საბოლოოდ მყარდება იმ მოარული ხმების ნამდვილობა ,რომ გიორგი შარვაშიძიეს თსუ-ის დანგრევა აქვს დავალებული კონკურენტების სასარგებლოდ. სხვა ახსნას  მე უბრალოდ ვერ ვპოულობ უნივერისიტეტში მიმდინარე სამარცხვინო მოვლენებს.


და სწორედ იმის გამო, რომ კლანი თავის ქმედებებში არავის და არაფერს დაგიდევს, დარწმუნებული ვარ, რომ აღარ არის შორს ის დრო, როცა ჩვენს ფაკულტეტზე და ზოგადად, თსუ-ში ვითარება სამართლიანად გადალაგდება, ანუ აკადემიურ თანამდებობებს და მუშაობისა და  განვითარების საშუალებას მიიღებს ის აკადემიური პერსონალი, რომელიც ყოველმხრივ შეესაბამება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილების უპირობო კრიტერიუმს.


მანამდე კი არ დავიღლები იმის გამეორებით, რაც ადრეც მითქვამს - სილაგაძე და ღაღანიძე კლანის ორი თავია. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ დაშინებითა და ინტრიგებით თანამშრომლებში საკუთარი აზრის გამოხატვის, რაიმე განსხვავებული ინიციატივით გამოსვლის ჩახშობას. მათ მიდგომებს იზიარებს და ამას თავისი სიჩუმით მხარს უჭერს ლადო პაპავაც. რექტორის დუმილი და ურეაქციობა კი მათთვის უკვე კარგა ხანია იქცა წამახალისებელ ფაქტორად.  ცოტაც და მივიღებთ კლანის მიერ შემოთავაზებულ მორიგ „შედევრს“- არაფრისმომცემი კათედრის მიტაცება-უზურპაციის სპეცოპერაციას და ეს იქნება კიდეც, როგორც აღვნიშნე, ამ კლანის ზეობის დასასრულის დასაწყისი.


მცირედი იმედი მაქვს წარმომადგენლობითი საბჭოსი, რომ ეს წარმომადგენლობითი ორგანო გაუფრთხილდება როგორც უნივერსიტეტის, ისე პირად რეპუტაციას და აბსურდის სპექტაკლის ამ მოქმედებას არ აუნთებს მწვანე შუქს“, -  აცხადებს ნიჟარაძე.


„ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოჯახებს ხელშეკრულების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო

24 თებერვალს „ჯორჯიან მანგანეზმა“  შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

აშშ-ის საელჩო: ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ამერიკა საქართველოს გვერდით დგას

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2663-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 2663-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 77 600-ს მიაღწია. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

25 თებერვალს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციამ დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

პოლიციამ გუდაურში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ორი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ვ.წ. და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული შ.ე. დააკავა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

იტალიაში მიწისძვრა მოხდა - საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს.

SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების სერიას იწყებს.

მიურატები ზუგდიდში მიწის დაკანონებას ითხოვენ

დადიანების შთამომავლები ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მიწის დაკანონებას ითხოვენ.

კახეთში სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

იტალიაში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანთან, გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

კორონავირუსის ეჭვის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40 წუთის დაგვიანებით გავიდა

თბილისიდან ბათუმის მიმართულების მოძრავი მატარებელი კორონავირუსზე ეჭვის გამო 40 წუთის დაგვიანებით გავიდა.

გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

 

ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოსულ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას

"ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას".