როგორც დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდა, თუმცა დღეს უკვე ნაკლებად არის დარწმუნებული, მართებულია თუ არა მისი კომპრომისული გადაწყვეტილება.
"ბატონო არჩილ (პარლამენტის თავმჯდომარეს), რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, დღეს უნდა გადავწყვიტოთ ბედი, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ეს არ არის კანონი, თუ ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, ვინ იქნება დეპუტატი და ვინ - არა. აქ დგას საკითხი თუ რა პოლიტიკური ცხოვრებით იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მაჟორიტარებს გვქონდა კომპრომისული დამოკიდებულება გუნდთან შეთანხმებით და ამის გამო მხარს ვუჭერდი, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს გადაწყვეტილება მიგვეღო დღესვე. დრეის ვითარებიდან გამომდინარე, მე ამ კითხვებზე უფრო ნაკლებად მაქვს პასუხები და უფრო ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კომპრომისული გადაწყვეტილება მართებულია და მინიმუმ არ იქნება სახიფათო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ამიტომ მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები მოვისმინოთ, რაც მისაღები მაქვს მეც და ბევრ ჩემს კოლეგას. მხოლოდ ფრაქციების ფორმატში შეხვედრა არ იქნება საკმარისი. მე ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას სრული მასშტაბით", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უნდა განიხილოს პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი.
პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.
ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გარკვეული ხმების რაოდენობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი მიიღოს. მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტმა ერთი მანდატი მიიღოს, მას ექნება აუცილებლობა მიიღოს დაახლოებით 14 ათასი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში 2 მილიონი იყოფა 150-ზე.