შესაბამისად, ცვლილებების პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება და სავარაუდოდ, პირველი მოსმენით კენჭსაც უყრიან.
პლენარული სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის სხდომის ჩატარება იგეგმება. უმრავლესობის შეკრება მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მოითხოვა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდა, თუმცა დღეს უკვე ნაკლებად არის დარწმუნებული, მართებულია თუ არა მისი კომპრომისული გადაწყვეტილება.
დიმიტრი ხუნდაძის მსგავსად, კიდევ უმრავლესობის წევრმა რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა გამოთქვა საწინააღმდეგო მოსაზრება 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მათ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ შესთავაზა, რომ უმრავლესობის სხდომა გაიმართოს. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კი მოუწოდა, რომ უმრავლესობის სხდომის გამართვა 12:00 საათამდე, პლენარული სხდომის დაწყებამდე მოესწროს.
ცნობისთვის, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.
საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მანდატს/მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს. ანუ, სულ მცირე ერთ მანდატს მიიღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 0.67%-ს მაინც.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, მას თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. მაგალითად, თუ ერთ პარტიას მიღებული აქვს 45.1% და მეორე პარტიას 7.8%, ამ შემთხვევაში 7.8-ს მიენიჭება უპირატესობა.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება იმ პარტიებს, რომლებსაც 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერა აქვს, ნაცვლად 25 000 ხელმოწერისა. თუმცა ეს იქნება ერთჯერადი.
ხელმოწერის ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია.
ბუნებრივი ბარიერი არის ერთჯერადი და ის მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმოქმედებს. 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, თუმცა 5%-იანი ბარიერი განახლდება.