"მოგესალმებით ქრისტესმიერის სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო, ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირაზოლოდან ადამიანების გატაცების ფაქტსებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერად ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ფაქტი ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან, დიდ უარყოფით დამოკიდებულებას და პროტესტს იწვევს.
ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში სამი წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.
რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე მიუღებელია, ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა. როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.
ვიმედოვნებთ შეძლებისდაგვარდ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა, და ეკლესიათა შორის ურთიერთობის ნორმალიზებისათვის.
გისურვებთ წარმატებას და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში", - ნათქვამია პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილში.
ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა.ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ცხინვალის სასამართლოში განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება.