"მინდა გულისტკივილი გამოვხატო, თუ როგორ ექცევიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი იმ ინსტიტუტს, რომელიც წესით უნდა იყოს პოლიტიკური დებატების მთავარი ადგილი, პოლიტიკური დისკუსიის და ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის ადგილი. ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ასეთი პარლამენტი, მაგრამ მეორეს მხრივ რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, იყო ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა პირდაპირ ეთერში სამწუხაროდ ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები - ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას და ღირებულებებს მოქალაქეების , სახელმწიფოს და ღირებულებების მიმართ. ეს ალბათ მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ვეღარასოდეს მოქალაქეთა უფლებებს , სახელმწიფოს, საკუთრებას , მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.