როგორც „პირველს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, კვირის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება.
„მთიან რაიონებში დაახლოებით 12-17 გრადუსი, მაღალმთაში 10-15. ამავდროულად, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება და შენარჩუნდება კვირის ჩათვლით აღმოსავლეთის ძლიერი ქარი დრო გამოშვებით. ეს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობს ეკუთვნის“, - აღნიშნა გვაზავამ.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სინოპტიკოსი ამბობს, რომ ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის ჩათვლით ღამით 6, ხოლო დღისით 2-7 გრადუსი იქნება.
„14 ნოემბრის ჩათვლით, მათ შორის დედაქალაქშიც ჰაერის ტემპერატურა ღამით 3-7 გრადუსია მოსალოდნელი და 23-24 ნოემბერს შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურამ კიდევ დაიკლოს, ღამით 3 გრადუსიდან დღისით 5 გრადუსამდე იქნება“,- აღნიშნა გვაზავამ.
სინოპტიკოსი არ გამორიცხავს რომ თბილისის შემოგარენში მცირე ნალექის სახით თოვლჭყაპი იყოს.
„ქალაქის შემოგარენში მოსალოდნელია მცირე ნალექი. შესაძლოა თოვლჭყაპი მცირე რაოდენობით მოვიდეს და აგრეთვე მოთოვოს აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში, მაგრამ ძლიერი თოვა არ არის მოსალოდნელი“, - დასძინა დოდო გვაზავამ.