ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განკარგულებაში არსებული ინფორმაცია და ობიექტური კონტროლის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა კარგად დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული იყო.
"ვაჟა გაფრინდაშვილი ნოემბრის დასაწყისში საზღვარგარეთ მივლინებით იყო, რომლის დროსაც იგი ეწვია ბალტიის ქვეყნებს, მათ შორის ესტონეთს, 4 ნოემბერს. შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე მოაწყო პაციენტების მიღება „მედიკლაბ ჯორჯიაში“, ხოლო 6 ნოემბერს, ვ. გაფრინდაშვილს ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“ პრემიის სახით ჩაერიცხა ფულადი თანხა 21 000 ლარის ოდენობით. 8 ნოემბერს, ვ. გაფრინდაშვილმა, თავის რამდენიმე პაციენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას თბილისში არ იქნებოდა და რომ იგი მიღებებს მხოლოდ ორსაბათს განაახლებდა", - აცხადებს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი.
ამავდროულად, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს ვაჟა გაფრინდაშვილის საუბრებს მის პაციენტებთან. აღნიშნული ინფორმაცია და დაკავებულის საბანკო ანგარიშის მონაცემები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, ექიმის მობილური ტელეფონიდან აქვთ ამოღებული.