მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოდიში, თქვენ გელით შიმშილი

შიმშილი მსოფლიოში

მადაგასკარზე ათობით ათასი ადამიანი შიმშილობს ამინდის გლობალური ცვლილების გამო. გაერო გვაფრთხილებს, რომ მადაგასკარი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც გლობალური დათბობა მასობრივი შიმშილის მიზეზი გახდა. ათობით ათასი ადგილობრივი უკვე შიმშილობს ოთხწლიანი გვალვის გამო, იუწყება BBC.

გაეროს შეფასებით, კატასტროფული შიმშილის შედეგად 30 000 ადამიანი იტანჯება. ეს რიცხვი შესაძლოა, მკვეთრად გაიზარდოს, რადგან ქვეყანაში მოსავლის აღების წინა ე.წ. „მარხვის სეზონი“ იწყება. გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენლის აზრით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ ადამიანებს არაფერი გაუკეთებიათ კლიმატის ცვლილების გამოსაწვევად, არ წვავენ წიაღისეულ სათბობს, მაგრამ საკუთარ თავზე ცდიან ცვლილებების მთელ სიმძიმეს.

მართალია, მადაგასკარში გვალვები ხშირია, მაგრამ ახლანდელ სასურსათო კრიზისს ექსპერტები უშუალოდ გლობალურ დათბობას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ პრობლემა უფრო გაღრმავდება. სამხრეთაფრიკული კეიპტაუნის უნივერსიტეტის მეცნიერი რონდრო ბარიმალალა ამბობს, რომ შექმნილი ვითარება განხილულ უნდა იქნას ცხოვრების წესის შეცვლის წონად არგუმენტად. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ქვეყანაში ყველაზე გვალვიანი პერიოდია. კუნძულის მცხოვრებთა ნაწილი შიმშილით სიკვდილისგან დასაცავად იძულებულია, მწერებით იკვებოს.

„ბავშვებთან ერთად, უკანასკნელი რვა თვეა, რაც ყოველდღიურად იძულებულნი ვართ ვჭამოთ მწერები, რადგან სხვა საკვები არ გვაქვს, წვიმები კი არ არის, რომ ნათესებიდან მოსავალი მიგვეღო“, - დაიჩივლა ოთხი შვილის დედამ და გაეროს თანამშრომლებს სარანჩა უჩვენა.

„ფასები 3-4 ჯერ გაიზარდა. ადამიანები მიწის ნაკვეთებს ყიდიან, რომ გამოსაკვებად იშოვონ ფული“, - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია SEED-ის წარმომადგენელმა ცინა ენდორმა.

მისი კოლეგის, ლომბა ხასოავანას თქმით, ადრე ბევრი ფერმერი ნათესების მოშიმშილეთაგან დასაცავად ღამეს მინდორში ათენებდა. მაგრამ ეს ახლა ძალიან სახიფათო გახდა. აშშ-ს მეცნიერების აზრით, გლობალური დათბობა მთელ მსოფლიოში მასობრივ შიმშილს გამოიწვევს. ადამიანებს აღარ ექნებათ საკვები არა მარტო ექსტრემალური ამინდის, არამედ მოსავლისთვის საფრთხის შემქმნელი მწერების გავრცელების გამოც.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ გლობალური დათბობა ცვლის მწერების ქცევას, ისინი უფრო სახიფათო და ნაკლებად პროგნოზირებადი ხდებიან. უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ ატმოსფეროს ტემპერატურის მატება ცვლის მწერების მეტაბოლიზმს.

2018 წელს აშშ მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ლაპარაკია, რომ რაც უფრო თბილა, მით უფრო აქტიურდება მწერების რეპროდუქციული ფუნქციები და უმჯობესდება მადა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის სულ რაღაც 1 გრადუსით (ცელსიუსი) მატება ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის ნათესების 10-25%-ით დაზიანებას გამოიწვევს. ტროპიკების გარდა, ყველგან ტემპერატურის მატება მწერების პოპულაციის ზრდას იწვევს. მეტი მწერი მეტ საკვებს ითხოვს, ამბობს კერტის დოიჩი, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე სარანჩის პოპულაციის შეკავება შესაძლებელი იყო, თუმცა რამდენჯერმე სერიოზული ინციდენტი მოხდა. მაგალითად, 2004 წელს აფრიკაში სარანჩამ გაანადგურა 2,5 მილიარდის ღირებულების მოსავალი.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცნობით, უდაბნოს სარანჩას შეუძლია გაანადგუროს საკვების მსოფლიო მარაგის 10%. ეს მწერი კაცობრიობის უძველესი მტერია, ის მოხსენიებულია ბიბლიაში და ყურანში. მაგალითად, ბიბლიაში სარანჩას თავდასხმა მოხსენიებულია ათიდან ერთ-ერთ ცნობილ „ეგვიპტურ სასჯელად", - სასჯელად ებრაელთა შევიწროების გამო.

ანტიკური ხანის ისტორიკოსი, პლინიუს უფროსი გვიყვება თანამედროვე ლიბიის, ალჟირის და ტუნისის ტერიტორიაზე 800 000 ადამიანის შიმშილით სიკვდილზე, რისი მიზეზიც სარანჩას თავდასხმა გახდა. 1958 წელს ეთიოპიაში სარანჩას გაანადგურა 167 000 ტონა ხორბალი, რაც საკმარისია მილიონი ადამიანის დასაპურებლად ერთი წლის მანძილზე. არგენტინაში 2016 წელს უკანასკნელი 60 წლის მანძილზე სარანჩას უმსხვილესი თავდასხმის მიზეზად ექსპერტები გლობალურ დათბობას მიიჩნევენ.

გლობალური დათბობის პირობებში სარანჩას თავდასხმა უფრო ხშირი და მასობრივი გახდება, თქვა არიზონას უნივერსიტეტთან არსებული ორგანიზაციის, „სარანჩას შესწავლის გლობალური ინიციატივის“ დირექტორმა ერიან სიზიმ.

რისკის ზონაში ექცევა არამარტო საკვები კულტურები: პაკისტანში სარანჩას თავდასხმის გამო საფრთხე შეექმნა ბამბის მოსავალს - კულტურას, რომელიც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის თითქმის ნახევარ პროდუქტებს ქმნის.

ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა გ. აგულაშვილმა