მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ესენი არც პროევროპულები არიან და არც პრორუსები, მარტო ძალაუფლება აინტერესებთ“ - ხუხაშვილი „ქართულ ოცნებაზე“

ექსპერტი გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს და მმართველი გუნდი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არც პროევროპული და არც პრორუსული ძალა არაა.

„დიაგნოზი უკვე დასმული აქვთ დიდი ხანია. ისინი არც პროევროპულები არიან და არც პრორუსები. ესეც მოგონილი თემაა, რომ პრორუსები არიან. მათი ერთადერთი ინტერესი ძალაუფლებაა. ძალაუფლების შენარჩუნებას თუ დასჭირდება, გაუმარჯოს ევროპას, იყვირებენ გაუმარჯოს ევროპას და ნატოს, დასჭირდებათ წითელ არმიაში? გაუმარჯოს წითელ არმიას, დაიძახებენ.

მათ აქვთ ერთადერთი ფასეულობა. ეს არის ძალაუფლება. ძალაუფლება სჭირდებათ არა როგორც სიკეთე, არამედ შიში აქვთ, ხელისუფლებიდან რომ წავიდნენ, მერე რა ქნან. მათ აქვთ შიშები და ფობიები, რომ დაიჭერენ, ვიღაც ქუჩაში სცემს, ეს მოხდება, ის მოხდება. თავდაცვის ერთადერთ მექანიზმად ახლა ძალაუფლების შენარჩუნებას თვლიან“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მეორე ნაწილს აღარ აიღებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გაასაჯაროვა.