მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Freedom House: ინტერნეტ-თავისუფლებისა და ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ საქართველო ევრაზიაში ლიდერობს

„ფრიდომ ჰაუსი“ - ლოგო

ინტერნეტ თავისუფლებისა და ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ Freedom House-ი საქართველოს ევრაზიის ლიდერ ქვეყნად ასახელებს. გლობალურ რეიტინგში საქართველო მეშვიდე-მეათე ადგილს იკავებს ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა აშშ, იტალია და ავსტრალია.

ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოს მინიჭებული აქვს 76 ქულა, რაც წინა წლების მაჩვენებელზე 1 ქულით მეტია. ანგარიშში ხაზგასმულია და დადებითად არის შეფასებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბათილად იყო ცნობილი რეგულაცია მიუღებელი შინაარსისა და კონტენტის შესახებ, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა მედიასაშუალებებისა და ინტერნეტ-პროვაიდერების სიცოცხლისუნარიანობას.

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.

„მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით შეიზღუდა ინტერნეტ თავისუფლება რიგ ქვეყნებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა რეგიონში ლიდერის პოზიცია, არამედ გაიუმჯობესა თავისი მაჩვენებელი და აშშ-ის, იტალიისა და ავსტრალიის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. საქართველო მოყვანილია როგორც მაგალითი იმისა, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო ძალიან ძლიერი ბერკეტია ინტერნეტ-თავისუფლების დაცვისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ანგარიშის ავტორებმა 65 ქვეყანაში 3,8 მილიარდი ინტერნეტ-მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 29 ქვეყანაში ვითარება ამ მხრივ გაუარესდა, 23 ქვეყანაში კი გაუმჯობესდა.