მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარიას მიმართ ნარკომანობის ბრალდება ისევ „ქართულ ოცნებას“ ურტყამს“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიმართ ნარკომანობის ბრალდება კვლავ „ქართულ ოცნებას“ აზიანებს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ვერ გათვალა, რომ მოუწევს განმარტოს, რატომ იკავებდა უმაღლეს თანამდებობას, მათი თქმით, ნარკოდამოკიდებული პირი.

„რომ გითხრათ თვალი ისე მაქვს გამახვილებული, რომ ვამჩნევ ვინ არის მომხმარებელი და ვინ არა, მოგატყუებთ.

მე მგონი, არ ჰქონდათ გათვლილი, რომ დადგებოდა საკითხი, თუ ნარკომანი იყო, მაშინ რატომ მიეცა მას მწვანე შუქი ამა თუ იმ მაღალ თანამდებობაზე. გახარიას საკმაოდ დინამიკური კარიერა ჰქონდა მმართველ გუნდში და რა თქმა უნდა, დგება საკითხი, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ ხელისუფლების წევრებმა.

მე პირადად გახარიას შესაძლო ნარკოდამოკიდებულების შესახებ ჭეშმარიტება არ მაინტერესებს. მე ვინტერესდები იმით, თუ ვინ რა შეცდომას უშვებს პოლიტიკურად. თუ იცოდნენ და ისე დანიშნეს თანამდებობებზე ესეც შეცდომაა და თუ არ იცოდნენ, ესეც ძალიან ცუდი.

თუ კი მათ ჰქონდათ ინფორმაცია და ახლა გაახსენდათ, როცა პოლიტიკურ ბრძოლაში არიან, ხომ უნდა დაფიქრდნენ, რა მოჰყვება ამას. ასეთი ბრალდება ნარკომანობის შესახებ თავად „ქართულ ოცნებას“ ურტყამს. ბუმერანგის ეფექტი ჰქვია ამას პროპაგანდის ფსიქოლოგიაში, რომლის შედეგებიც თავად წამომწყებს აზიანებს.

პოლიტოლოგის თქმით, გიორგი გახარიას მიმართ მძიმე ბრალდებები მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ყოფილი პრემიერი ანგარიშგასაწევი მეტოქეა. შესაძლოა, გახარიამ მმართველ გუნდს პირველობა ვერ წაართვას, თუმცა მის საარჩევნო სტრატეგიაში, შედეგების თვალსაზრისით, ცვლილებები შეაქვს.

„მმართველი გუნდი მასში ხედავს საფრთხეს. შესაძლოა ამ ეტაპზე ის არ არის მათი კონკურენტი პირველობაში, თუმცა გახარიას შემოსვლა თუნდაც საშუალო შედეგით, მმართველი გუნდის საარჩევნო სტრატეგიას ანგრევს, რომ არსებობს მხოლოდ ორი ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მესამე ძალის გაჩენით, უკვე ირღვევა საარჩევნო სქემა და „ქართულ ოცნებას“ მომდევნო არჩევნებისთვის ახალ სტრატეგიაზე მოუწევს ფიქრი. ამიტომაა, რომ ცდილობენ გახარიას „ნაციონალური მოძრაობას“ მიაწებონ და მოსახლეობას არჩევანისთვის კვლავ ორი ძალა დარჩეს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას სატელევიზიო ეთერში „კოკაინშიკი“ უწოდა.

აღნიშნულ საკითხზე ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ვალდებულია ახსნას, რატომ ჰყავდა უმაღლეს თანამდებობაზე ადამიანი, რომლის ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაციას ფლობდა.