მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იყოს გულწრფელი, თუ ივანიშვილს არ ჰქონდა მასზე გავლენა, რატომ გადადგა?“ - პოლიტოლოგი გახარიაზე

ხუხაშვილი და გახარია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას პოლიტიკურ გზავნილებს უწონებს, ამასთანავე აღნიშნავს, რომ ყოფილ პრემიერს მაღალი რეიტინგის მოსაპოვებლად ბევრი დარტყმის ატანა მოუწევს.

მისი თქმით, გზავნილი, რომ დღეს საქართველოს მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა სჭირდება, ადეკვატურია და სწორედ ის არის, რასაც ხალხი ითხოვს.

„მისი მხრიდან საკმაოდ ნორმალური გზავნილები იყო გახმოვანებული. სწორად იყო გათვლილი იმ სეგმენტზე, რასაც ჰქვია ზომიერი და არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ რაღაცისთვის, პოზიტიური დღის წესრიგით პოლიტიკა, რაც საკმაოდ მოთხოვნადია დღევანდელ საზოგადოებაში. თუმცა ეს არის სტარტი და ჩვენ ცოტა დინამიკაში უნდა შევხედოთ რა იქნება.

ის აღმოჩნდება ორმხრივი ცეცხლის ქვეშ ანუ მას მოუწევს ე.წ. ტესტდრაივის გავლა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ამ განსაწმენდელს როგორ გაივლის და რა დანაკარგებით გამოვა ამ საარტილერიო ცეცხლიდან, ეს არის საინტერესო.

ჯერჯერობით, მისი პოლიტიკური პერსპექტივა ასე ვთქვათ, მოლოდინის რეიტინგია და ეს რეიტინგი დიდია, მაგრამ დიდ მოლოდინებს, ხშირად, დიდი იმედგაცრუება მოჰყვება. ჯერ ყველაფერი მყიფეა და პროგნოზების გაკეთება ალბათ მის მიერ რეალური ბარიერების გადალახვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ვნახოთ, როგორ შეუძლია დარტყმების ატანა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა PIA.GE-სთან საუბარში.

იგი არადამაჯერებელს უწოდებს გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „არავის პროექტი ყოფილა და არც მომავალში იქნება“.

„ასეთი გზავნილები საკმაოდ არადამაჯერებელია. შეეძლო ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მასზე გარკვეული გავლენა, მით უმეტეს, რომ ამბობს, რომ სიმართლით აპირებს პოლიტიკის კეთებას. ბოლომდე სიმართლეს ვერ იტყვის, ბუნებრივია, მაგრამ სიმართლესთან ახლოს მაინც უნდა იყოს.

ის, რომ მასზე ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა გავლენა, არადამაჯერებელია თუნდაც იმიტომ, რომ თუ ეს ასე არ იყო, მაშინ რატომ გადადგა? ის იყო პრემიერი და თუ ვინმე არ ემორჩილებოდა, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი, შეეძლო გადაეყენებინა. რატომ ვერ გააკეთა ეს? იმიტომ, რომ იყო გადაულახავი წინააღმდეგობა და როგორ ფიქრობთ, ვინ იყოს ეს გადაულახავი წინააღმდეგობა?

ასე, რომ მის განცხადებაში ის ბოლომდე გულწრფელი არ იყო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდის ყოფილი საჯარო მოხელეებით დაკომპლექტება ერთი მხრივ გახარიას სისუსტე, მეორე მხრივ კი დასაყრდენია.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ გამოცდილ სახელმწიფო, საჯარო მოხელეებს შეუძლია კონკრეტულ სიტუაციებში საქმე ჩააბაროს. მან მოახერხა ის, რომ თავად სისტემაში გაიჩინა მომხრეები. ვფიქრობ, თავად გახარია უფრო პოზიტიური მოვლენაა, ვიდრე ნეგატიური და მე მას წარმატებას ვუსურვებ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარტია ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდის ამომრჩევლის გულს მოიგებს.

„ის უფრო მეტად ამომრჩეველს წაართმევს „ქართულ ოცნებას“, რადგან ეს არის ე.წ. სამობილიზაციო ამომრჩეველი. მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ამიტომ ირჩევდნენ პირველს. ხალხი, რომელსაც უნდა არა არჩევანი წარსულსა და აწმყოს შორის, არამედ მომავლის არჩევანი, გახარიას გუნდს ხმას მისცემს. ვნახოთ, რას შეძლებს მუშაობაში, რადგან სირთულეები ბევრი ექნება.

უკვე ვნახეთ კბილების ღრჭიალი, ტროლებისა და ბოტების გააქტიურება, ასევე მოსაზრება, რომ მას კეზერაშვილი აფინანსებს. ასევე, ოპოზიცია გააგრძელებს ძახილს, რომ ის „ქართული ოცნება 2“-ია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ახალი პარტიის შანსებზე საუბრისას, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ჯერ კონკრეტულ რეიტინგზე საუბარი ნაადრევია, თუმცა გახარიას პოლიტიკური ძალა შესაძლოა, გახდეს იმ შედეგის განმაპირობებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ვერ აიღოს.

„გახარია ზუსტად არის ინსტრუმენტი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43% ვერ გადალახოს. ამ მხრივ გახარია „ქართული ოცნებისთვის“ არის პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა დიდია თუ პატარა, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. გამოჩნდება ალბათ, 2-3 კვირაში“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუნდის წევრები ერთიანდებიან საქართველოს ძლიერებისთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „არასდროს არავის პროექტი ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები“ - გახარია

⭕ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

⭕ გიორგი გახარიამ პრემიერობიდან გადადგომის მიზეზები დაასახელა