მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს, ფაქტი ყველას მხრიდან განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი Pia.ge

„გაირკვევა, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაული ტიპური იყო. ქადაგიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს.

„ყველა სახის მონტაჟი და კონპილაცია, რაც კი შეიძლება შესრულდეს, ამ ჩანაწერში გამოიყენეს, რათა დაინტერესებულ მხარეს შეექმნა ის სასურველი სურათი, რაც იყო მიწოდებული მაყურებლისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია და ჩანაწერში ყველაფერი იყო ტყუილი. გაირკვევა ისიც, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით. წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაულები ტიპიური იყო. მოდელირებული ქრონიკები გახსოვთ, რაც მიზნად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას. სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს, რაც ალბათ განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველას მხრიდან. ალბათ სახალხო დამცველმაც ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გამოთქვას, შეიძლება თუ არა, ასეთი სახის გადაცემები იყოს, რომელიც არის ერთი დიდი გაყალბება და ფეიკნიუსი. ალბათ ჩვენთანაც უნდა მოვიდეს ის დრო, როცა კულტურა დამკვიდრდეს და ასეთი მასშტაბის და გაყალბების ფეიკნიუსი აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.