მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი ელოდა როდის მოგუდავდა აზერბაიჯანი სომხეთს

კონფლიქტების სპეციალისტი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მთიანი ყარაბაღის 9 პუნქტიანი გეგმის ამოქმედების შესახებ საუბრობს.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა მიზანს მიაღწია და პრაქტიკულად მოკავშირე სომხეთი გაწირა.

კონფლიქტოლოგის თქმით, აქამდე არასოდეს ჰყოლია რუსეთის ფედერაციას კავკასიაში კონფლიქტის ყველა ზონაში შეიარაღებული ძალები. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ კრემლს თავისი მიზნები აქვს.

„სომხეთი იძულებული გახდა ხელი მოეწერა, დანარჩენი ტერიტორიები მშვიდობიანად და უბრძოლველად დაეთმო. ამან გამოიწვია პრაქტიკულად სომხეთში გადატრიალება. შევარდნენ პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის კაბინეტში და არეულობაა. გარდა ამისა, ამან გამოიწვია ძალიან დიდი გამოსვლა სომხური მოსახლეობისა ყარაბაღიდან და პრაქტიკულად მთელი სომხეთი მოძრაობაშია.

რა თქმა უნდა, რთული ვითარებაა. რუსეთმა მიაღწია იმას, რომ სომხეთი დამარცხდა. მთლიანად, პირწმინდად გამოჰყავს ჯარები ყარაბაღის ტერიტორიიდან და ამას ემატება ის, რომ რჩება მხოლოდ ლაჩინის ხეობა, სადაც ჩადგნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები. პრაქტიკულად რუსეთის შეიარაღებული ძალები კავკასიაში იმყოფებიან ყველა კონფლიქტურ ზონაში, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ახლა დაემატა ყარაბაღი, რაც არასოდეს ყოფილა. ყარაბაღში რუსეთის ჯარი არ მდგარა არასდროს.

იმედი მქონდა, რომ აზერბაიჯანი არ დათანხმდებოდა ამას. ყველაფერი შეუსრულა რუსეთმა აზერბაიჯანს, რომ დათანხმდა მხოლოდ რუსულ სამშვიდობო ძალებს. აზერბაიჯანი ბედნიერია და კმაყოფილია, რომ რუსეთმა ყველაფერი გაუკეთა. ამ ფონზე დათანხმდა რუსული შეიარაღებული ძალების ყოფნას როგორც სამშვიდობო ძალებს. რუსეთი მომავალში თავისას იტყვის. ფაქტია, ყველაფერი ეს გამოიწვია თურქეთის როლმაც, რომელიც მხარში ამოუდგა აზერბაიჯანს და ანგარიშგასაწევი ძალა გახდა რუსეთისთვის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ სომხეთში ანტირუსული მოძრაობა დაიწყოს.

„რუსეთმა ვერ უარყო აზერბაიჯანის ფაქტორი და პრაქტიკულად, თავისი მოკავშირე სომხეთი გაწირა. რეგიონისთვის შესაძლოა ეს კარგი არ იყოს და სომხეთში შეიძლება ანტირუსული მოძრაობა დაიწყოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სომხეთის გადახრა დასავლეთისაკენ. ასე რომ ამ ფონზე კავკასიაში მშვიდობის შანსები იზრდება. მაშინ როცა რუსული პოლიტიკა არასანდო და არამყარია, სომხეთმა შესაძლოა, უფრო სერიოზული კონტაქტების ძიება დაიწყოს.

ისე იოლად მიაღწია რუსეთმა თავისი სამშვიდობოების განლაგებას, რუსეთი ამას ელოდებოდა, როდის მოგუდავდა აზერბაიჯანი სომხეთს. როცა სომხეთი ფაქტის წინაშე დააყენეს და სხვა გზა არ იყო, კარგავდა ათასობით ადამიანს, ამ მშვიდობით უნდა დაეთმო. პრაქტიკულად რუსეთმა მიაღწია თავისი მოკავშირის დამარცხებას, რაც ძალიან თვალშისაცემია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სომხეთზე, იმაზე თუ როგორ მოიქცევა ის მომავალში. დანებდება ბედს და შეურიგდება რუსეთს თუ სხვა ნაბიჯს გადადგამს. აქ შესაძლოა, ახალი რეალობები შეიქმნას“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა მიზანს მიაღწია

👉 აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებს - ყარაბაღის შეთანხმების 9 პუნქტიანი გეგმა