მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: დღეს გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია 

თალაკვაძეს სიტყვით გამოსვლა

„დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია, არჩევნების შედეგების მიუხედავად და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი პლურალისტური, პოლიტიკურად უფრო სტაბილური და მრავალფეროვანი ყოფილიყო, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა.

„ეს რეფორმები გატარდა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, შემდეგ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა - პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა.

სხვა არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ აქტიურად ითხოვდნენ მერე უკვე ასეთი ცვლილებების გატარებას, არ გაუტარებია და არ გაუკეთებია ასეთი რეფორმები. თუმცა, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი კიდევ უფრო ღრმად შევიდა საკუთარ პოლიტიკურ ტყუილში და მათ არც ოპოზიციაში ყოფნის დროს არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს.

შეგახსენებთ, რომ ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ გარეთ, ეთერების საშუალებით, რომ ძალიან უნდოდათ არსებითად პროპორციული სისტემა, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა პარლამენტში, მათ არც ამ კენჭისყრაზე არ დაუჭირეს მხარი ამ დემოკრატიულ ცვლილებებს. შედეგად მერე მოხდა ის, რომ, ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ ოპოზიციაში არის დესტრუქციული ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები, დანაყოფები, რომელთაც არ სურდათ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები და ეს მათთვის იყო მხოლოდ ლოზუნგები, სინამდვილეში ისინი არ უჭერდნენ მხარს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები მიღებულიყო არჩევნებით.

მათ არაერთხელ სცადეს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიეღწიათ რაიმე ცვლილებისთვის ამ ქვეყანაში, თუმცა, საზოგადოებამ მაშინაც და დღესაც მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მას გადაწყვეტილებების მიღება სურს მხოლოდ საარჩევნო ყუთის საშუალებით. ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ არაერთი ბრიფინგი, სადაც ვთქვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა არჩევნების დისკრედიტაციას, ეს იყო ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაციები უბნებზე, ხელმოწერები, ბიულეტენები თუ სხვა ტექნიკური პოლიტიკური ტრიუკები, რაც მათ აპრობირებული ჰქონდათ წარსულში, მათ ყველაფერი დაგეგმეს იმისთვის, რომ არჩევნებისთვის როგორმე ჩრდილი მიეყენებინათ.

მთავარი არის ის, რომ მიუხედავად პანდემიისა, ორ მილიონამდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მოვიდა არჩევნებზე, მათ გააკეთეს თავისი არჩევანი მიუხედავად პანდემიისა და ამით დააფიქსირა ჩვენმა საზოგადოებამ ურყევი ნება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ. სხვა არცერთ არჩევნებს ისინი დემოკრატიულად არ აღიარებენ, გახსოვთ მათი მოწოდებები შუალედურ არჩევნებში სამეგრელოში, როდესაც ამბობდნენ, რომ ქვეყანა უნდა ავადუღოთ აქედან, გახსოვთ მათი მოწოდებები, რომ ავისხათ იარაღი, გახსოვთ მათი ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, შესაბამისად, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის ამ ხაზის გაგრძელება, ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა და დღეს ეს ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ახორციელებენ პოლიტიკურ შანტაჟს სხვა პოლიტიკურ პარტიებზე.

მათ აქვთ სერიოზული პრობლემა მომავლის განვითარებისთვის, ვინაიდან პირველად მოხდა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის გარეშე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, დამოუკიდებლად გადალახეს ბარიერი და შევიდნენ საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ისინი თუ პარლამენტში პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვებიან, მიიღებენ საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას, 4 წლის განმავლობაში, უკეთ მოემზადებიან 2024 წლის არჩევნებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ რადიო „იმედის“ ეთერში.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

🔴 ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

​აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?