მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.

ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება; ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება; საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.

ყოველწლიურად, ასოციაცია ორგანიზებას უწევს საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სფეროში საინტერესო პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდა სპეციალისტების მობილიზებას დამატებითი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში.

2020 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, საინტერესო საგრანტო პროექტები განხორციელდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ცენტრის კურსდამთავრებულის, ნინო იაკობაშვილის პროექტი: „სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“.

რა აქტივობები განხორციელდა პროექტის ფარგლებში, როგორი იყო პროექტის მიზნები და შედეგები, ამ და სხვა თემებზე პროექტის ავტორს ვესაუბრეთ:

მოგესალმებით, სანამ პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ვისაუბრებთ, გთხოვთ, გვიამბეთ თქვენ შესახებ, რა გამოცდილება და კვალიფიკაცია გაქვთ და როგორი იყო თქვენი როლი მიმდინარე პროექტის განხორციელების პროცესში?

პროფესიით განათლების სპეციალისტი ვარ. განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით 2017-2018 წლებში დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლის უნივერსიტეტში დავამთავრე მაგისტრატურა განათლების პოლიტიკისა და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. განათლების მიმართულებით 8-წლიანი სამუშაო გამოცდილების ფარგლებში ვმუშაობდი ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, საქართველოს განათლების სამინისტროში ვმართავდი ზოგადი განათლების რეფორმის მთავარ პროექტს „ახალი სკოლის მოდელი“, ხოლო დღეს ნიუტონის თავისუფალი სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის შუალედური საფეხურის პროგრამის (IB MYP) კოორდინატორი ვარ. პარალელურად, ვაგრძელებ განათლების სამინისტროსთან ზოგადი განათლების რეფორმის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩემი მთავარი როლი პროექტის მართვა იყო.

რას გულისხმობდა პროექტი? რა ძირითადი აქტივობები განახორციელეთ, რა მიზნის მიღწევა გსურდათ, რა გამოწვევების წინაშე დადექით მუშაობის პროცესში (მაგ: შეუშალა თუ არა არსებულმა პანდემიურმა გარემომ ხელი პროექტის მიმდინარეობას)?

პროექტის ფარგლებში მე და განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრმა, ლალი გიორგიძემ გადავწყვიტეთ, რომ ინგლისში სწავლის პერიოდში მიღებული ჩვენი გამოცდილება და ბრიტანულ უნივერსიტეტებში ფართოდ გავრცელებული „კურსის წარმომადგენლის“ პრაქტიკა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის (თსუ) გაგვეზიარებინა. „კურსის წარმომადგენელები“ ამ უნივერსიტეტებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ერთი მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაში. საქართველოსთვის აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საქმეში, რადგან სტუდენტების ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდაში, რაც დასტურდება ბოლონიის პროცესში ჩართული ქვეყნების მინისტერიალების მიერ შემუშავებული კომუნიკეებით (პარიზის კომუნიკე, 2018, ერევნის კომუნიკე, 2015, ბუქარესტის კომუნიკე, 2012).

თსუ-ს ხარისხის მართვის დეპარტამენტი და სტუდენტური თვითმმართველობა დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით შეხვდა შეთავაზებას და შესაბამისად, შევიმუშავეთ პროექტი. პროექტი მიზნად ისახავდა „კურსის წარმომადგენლის“ პრაქტიკის პილოტირებისთვის შესაბამისი ბაზის მომზადებას და თსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ტრენინგების შეთავაზებას. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციას წარმოადგენს ბრიტანული ორგანიზაციას SPARQS-ი, შესაბამისად დავიწყეთ მათთან მოლაპარაკება ტრენინგების განხორციელებასთან დაკავშირებით. პანდემიის პირობებში შეუძლებელი გახდა ტრენერის მოწვევა, ხოლო მეორე მხრივ გაჩნდა დამატებით ონლაინ საკონსულტაციო სერვისის შესყიდვის შესაძლებლობა, რადგან ტრენერის მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები გამოთავისუფლდა. საბოლოოდ, SPARQS-სთან შევთანხმდით სრული საკონსულტაციო სერვისის მიღებაზე, რაც ითვალისწინებდა SPARQS-ის მიერ სიტუაციური ანალიზისა და პირველადი რეკომენდაციების შემუშავებას, კვლევის შედეგების გათვალისწინებით ადგილობრივ კონტექსტს მორგებული ონლაინ ტრენინგების შეთავაზებას, ხოლო ტრენინგების შემდგომ საბოლოო რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტი დეკემბერში დასრულდა, თუმცა, თსუ იანვრის თვეშიც აგრძელებს მუშაობას კონსულტანტთან. გაიმართება რამდენიმე შეხვედრა, სადაც განიხილება შემოთავაზებული რეკომენდაციები და დაიგეგმება „კურსის წარმომადგენლის“ საპილოტე პროექტი. თსუ იღებს პასუხისმგებლობას, რომ პილოტირების პროცესს თავად წარუძღვება. პილოტირების პროცესის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული პრაქტიკის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაზიარება იქნება შესაძლებელი.

  • რა არის ამ პროექტის მთავარი შედეგი?

პროექტის განხორციელების შედეგად იდენტიფიცირებულია სტუდენტთა ხარისხის მართვის მექანიზმებში ჩართულობის შემაფერხებელი ფაქტორები, მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებულია რეკომენდაციები, გადამზადებულია 43 სტუდენტი და თსუ-ს აკადემიური პერსონალი. ასევე, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის გაზრდილია ხარისხის მართვის მექანიზმებში სტუდენტთა მონაწილეობასთან დაკავშირებით ცნობიერება.