მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საყდრისის კომიტეტი – ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს საფრთხე აღარ ემუქრება

საყდრისის კომიტეტი – ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს საფრთხე აღარ ემუქრება

საყდრისის კომიტეტის ინფორმაციით, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს საფრთხე აღარ ემუქრება. 

მათივე ცნობით, სპეციალისტების შეფასებით ძეგლი მკაცრ ზამთარს ამჯერად „მომზადებული“ ხვდება.

„17 ნოემბერს „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტებმა XIII საუკუნის ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მიუხედავად რთული და ხანგრძლივი პანდემიური პერიოდისა ამ დროისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ყველა გადაუდებელი სამუშაოები ჩატარებულია. სპეციალისტების შეფასებით ძეგლი მკაცრ ზამთარს ამჯერად „მომზადებული“ ხვდება, ასევე მონასტერში წყლის ჩადინების შეწყვეტის შედეგად საფრთხე აღარ ემუქრება კედლის მხატვრობასაც.

rmg_o_h.jpeg

ფიტარეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები “საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით 2018 წლიდან დაიწყო, მათივე მოთხოვნით 2019 წელს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარდა ქვისა და კედლის მხატვრობის კვლევა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ძეგლის უმძიმესი მდგომარეობა (დაწყებულია ქვის დაშლის პროცესი, განადგურების პირასაა კედლის მხატვრობა), დროული ჩარევის გარეშე ძეგლის დანგრევის საფრთხე რეალური იყო.

2020 წლიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების მორიგი ეტაპის დაწყებამდე „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით აღდგენილია სოფელ ტანძიიდან მონასტრამდე მისასვლელი გზა, დასრულდა სამონასტრო კომპლექსის გალავნისა და XV-XVI საუკუნის ბიბლიოთეკის პროექტირებაც, გუმბათზე ჩატარდა ქვისა და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. წლის ბოლომდე დასრულდება მონასტრის გადახურვის პროცესიც. იმის გამო, რომ ძეგლის სრული რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია და მუშაობა მეტწილად რთულ კლიმატურ პირობებში მიმდინარეობს უკვე მოეწყო რესტავრატორების მუდმივი საცხოვრებელი ბაზა.

rmg_o_h.jpeg

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება მომავალ წელსაც, კონსულტაციების შედეგად ასევე იგეგმება „ხრამის ხეობის“ კიდევ ერთი ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ხულუტის ციხის გაწმენდა-გამაგრებითი სამუშაოები.

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კერძო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით.

„საყდრისის კომიტეტი“ 2017 წლიდან იცავს და მონიტორინგს უწევს სამშვილდეს, სათხის და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს და ხულუტის ციხეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.