მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში: სომხეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს

აზერბაიჯანის საელჩოს პრესკონფერენცია

არაღიარებული მთიანი ყარაბახის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული კონტშეტევითი ხასიათის ოპერაციები განმარტეს.

როგორც საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა განაცხადა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ 27 სექტემბერს დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიწვა ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები.

„სომხეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ“, - აღნიშნა ელდარ ბაირამოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი სომხეთის საპასუხოდ წარმატებულ ოპერაციებს ახორციელებს.

„სომხეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ ახალ პროვოკაციას მიმართა, რომლის საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმიამ წარმატებული ოპერაციები ჩაატარა და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. ჩვენი არმია აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს მტერს. პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებასა და შედეგებზე სომხეთის მთავრობას ეკისრება“, - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.