ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ კომენტარი გააკეთა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის განცხადებაზე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოკუპირებული აფხაზეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხზე. კერძოდ, ასეთი ვარაუდი რამდენიმე დღის წინ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გამოთქვა.
როგორც კოვემ რადიო „ეხო კავკაზა“-ს განუცხადა, აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციაში წერია, რომ ის სუვერენული ქვეყანაა და მისი შეცვლა არ იგეგმება.
„ჩვენი პრიორიტეტია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარება. რუსეთი ჩვენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ ვიმეორებ - ჩვენი მიზანია სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა,“ - აცხადებს კოვე.
მან, აგრეთვე, კომენტარი გააკეთა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მუშაობის აღდგენის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ ის ამ იდეას მიესალმება, მაგრამ კომისიის მუშაობაში „მეტი პრაგმატიზმი უნდა გაჩნდეს“.