მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე სიცრუეა - სომხეთის საელჩო

სომხეთის ელჩი საქართველოში

„სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საელჩო ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს.

სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, „რასაც შესაძლოა პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს გააქტიურდა და ამ დრომდე გრძელდება. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

რამდენიმე დღის წინ ქართულ-სომხური გამოცემა „ალიქ მედია“ და ახალქალაქის ტელევიზია „ატვ 12“ წერდნენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, თითქოს „თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით იგზავნება იარაღი“, რასაც პროტესტი მოჰყვა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა: საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, სინამდვილეს არ შეესაბამება: „ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის“, - აღნიშნა სესიაშვილმა და დასძინა: „ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან“.

მიდმინარე წლის ზაფხულში, სომხეთ-აზერბაიჯანის წინა, შედარებით მასშტაბური დაპირისპირებისას, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ბრალდებები, რომლის თანახმადაც სომხეთში საქართველოს გავლით ჩაიტანეს იარაღი, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.