მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 სამედიცინო პერსონალია, სამის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1597389541
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირების 23 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის წყარო უცნობია, ხოლო ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალს წარმოადგენს.

ექიმი ამბობს, რომ ინფიცირების სხვა შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია.

„13 აგვისტოს ქვეყანაში გახლდათ 1283 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დაგვემატა 23 ახალი შემთხვევა. 14 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 1306 შემთხვევა გვაქვს. ინფიცირების 23 შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია, 6 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11-ის წყარო დადასტურებულთან კონტაქტია, 2 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალია და 3 პაციენტთან დაკავშირებით ეპიდკვლევა მიმდინარეობს კონტაქტებისა და წყაროს მოძიების თვალსაზრისით",- აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კოვიდცენტრებში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ მათი მდგომარეობა უცვლელია.

„რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17-ს შეადგენს. პაციენტებში სიმძიმის მაჩვენებლები უცვლელია. რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში მკურნალობს 7 პაციენტი, 17 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა პროგრესირება არცერთ მათგანთან არ შეინიშნება“, - აცხადებს ეზუგბაია.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. 14 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1306-ს შეადგენს, აქედან 1085 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა. მსოფლიო მასშტაბით კი კოვიდინფიცირებულია 21 მლნ ადამიანი.