მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფექციის მართვაში, შესაძლოა, მონაწილეობა სტომატოლოგებმაც მიიღონ

გამყრელიძე ამირან
1604660414
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა კორონავირუსის მართვაში სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ბევრი სტომატოლოგია და მათ შესაბამისი განათლება აქვთ, რომ ვირუსის მართვაში ჩაერთონ.

ამასთან, გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევებზეც ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 183 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამყრელიძის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოთქმული შენიშვნებისა და უკმაყოფილების მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და დროულად ხდება პაციენტების გადაყვანა.

„სამწუხაროდ, ისევ ერთ დონეზე რჩება ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი და ეს ძალიან კრიტიკულია, 183 შემთხვევა გვქონდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. გარკვეული პერიოდი ისინი ჩამოცილებულნი არიან თავიანთ საქმიანობას.

ამიტომაც იყო მოწოდება მთლიანად ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის მობილიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენს კოლეგებს, რომლებიც დღეს დასაქმებულნი არ არიან ან პენსიაზე არიან, გასაგებია რომ ასაკოვან ექიმებს რეანიმაციებში ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ისინი ქოლცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებში შეიძლება იყვნენ. ასევე სტომატოლოგები.

სტომატოლოგები, რომლებიც ბევრი არიან ქვეყანაში და აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, შეიძლება ამ დროს იქნეს გამოყენებული. სტუდენტები მე-5 და მე-6 კურსის, რომლებსაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება როგორც ექიმის, ექთნის ასისტენტად ამ პერიოდში იმუშაონ. ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა საჭიროა, რადგან შევდივართ გარკვეულ ზღვარზე ეპიდსიტუაციის და ეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სამართავია. სიტუაცია მართვადია, მიუხედავად იმისა, რომ 2000-ზე მეტი ქვეყანაა. ვიცი სოციალური ქსელიდან, რომ არის უკმაყოფილება, შენიშვნები და ა.შ. მაგრამ ძირითადად სიტუაცია მართვადია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექციის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებვერვალს გამოვლინდა. 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კოვიდინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ეკატერინე ტიკარაძე: გარდაცვალების ყველა შემთხვევაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას

🔴თბილისში კორონავირუსის 1 044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა